Home » საზოგადოება » ,,თურქეთის პოლიტიკურ კრიზისს ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოზე’’
,,თურქეთის პოლიტიკურ კრიზისს ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოზე’’

,,თურქეთის პოლიტიკურ კრიზისს ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოზე’’

,,თურქეთი დიდი ხანია ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში’’

16 აპრილს თურქეთის მოქალაქეების 52%-მა საყოველთაო სახალხო რეფერენდუმზე პრეზიდენტ ერდოღანის საკონსტიტუციო ცვლილებებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადადის. პრეზიდენტი გახდება როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სახელმწიფოს მეთაური. სპეციალისტებმა მომხდარს უკვე უწოდეს დემოკრატიის კრიზისი თურქეთში. რა გავლენას იქონიებს საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საქართველოზე. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემა ,,ბიზნესკოდში’’, საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ ისაუბრა.
– თურქეთის მოსახლეობის ამ გადაწყვეტილების მიხედვით, თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბდება. რამდენად შეუწყობს ეს ხელს ქვეყნის მოდერნიზებას?
– საკონსტიტუციო რეფორმები, რომელიც თურქეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გამოცხადებას გულისხმობს, ინიცირებული იყო ჯერ კიდევ 2005 წელს, თუმცა მაშინ ამის აუცილებლობა ერდოღანის პოლიტიკურ ელიტას არ ჰქონდა, მაგრამ საკითხი გააქტიურდა წელს მას შემდეგ რაც შეიარაღებული ამბოხის მცდელობა იყო. ამ მოვლენების დროს თურქეთში მოხდა აბსოლუტური პოლიტიკური წმენდა. პრეზიდენტი ერდოღანი უკვე დიდია ხანია რაც ქვეყნის სათავეშია და ის ფიქრობს, რომ უნდა გააძლიეროს თავისი ბერკეტები სამომავლოდ. თურქეთი ჩქარი ნაბიჯებით მიემართება ავტორიტარიზმისკენ და რა თქმა უნდა დემოკრატია იზარალებს ამ ყველაფრით, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ერდოღანს ჩაფიქრებული აქვს ქმედითი რეფორმები, მაშინ ქმედით რეფორმებს სჭირდება ძალაუფლების კონცენტრაცია.
– საერთაშორისო ექსპერტების განცხადებით სახეზეა ავტოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების რეალური ნიშნები. როგორ შეიძლება ამან გავლენა იქონიოს საგარეო ურთიერთობებზე?
– თურქეთი დიდი ხანია უკვე არის ნატოს წევრი. 54 წლის წინ ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა ევროკავშირსა და თურქეთს შორის, თუმცა თურქეთმა ნათლად დაინახა, რომ ბრიუსელი არ აპირებს მის მიღებას ევროკავშირში. თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება უახლოეს მომავალში გამორიცხულია. თურქეთში მიმდინარეობს პოლიტიკური ღირებულებების გადაფასება, მოხდა ქემალისტური იდეებიდან გადახვევა, დიდი თურანის იდეის იგნორირება და ნეოოსმანიზმის იდეების პროპაგანდა, რაც გულისხმობს ძველი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიების კონსოლიდაციას, რაც მოიცავდა მთელ ჩრდილოეთ აფრიკას, არაბეთს, საქართველოს ნაწილს, ბალკარეთს და ასე შემდეგ. პარლამენტმა იანვარში უკვე მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ერდოღანის თქმით ძალაში შევა მას შემდეგ რაც რეფერენდუმი ჩატარდება. რეფერენდუმთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლებს აქვთ დიდი შენიშვნები, რადგან აღმოჩენილია დაახლოებით მილიონ ნახევარი ბიულეტენი ბეჭდის გარეშე.
– აქტიურად მიმდინარეობდა საუბრები იმის შესახებ , რომ არსებობდა გაყალბების დიდი ნიშნები. თქვენ რამდენად ეთანხმებით და იზიარებთ ამ პოზიციას?
– თურქეთის შუაგულმა ხმა მისცა ერდოღანს, სადაც ცხოვრობენ ეგრედწოდებული სელჩუკების შთამომავლები, კონსერვატული და ისლამისტური მოსახლეობა. ეს ცვლილებები პირველ რიგში გამოიწვევს იმას, რომ მინისტრები აღარ იქნებიან ვალდებულნი მივიდნენ პარლამენტში და მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულებაც აღარ ექნებათ.
– საინტერესოა, რატომ შეიძლება იყოს რეფერენდუმის შედეგები დადებითი ან უარყოფითი საქართველოსთვის გამომდინარე იქედან, რომ თურქეთი არის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ქვეყანა საქართველოსთვის?
თურქეთი მართლაც წარმოადგენს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორს საქართველოსთვის. თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური ძვრები აუცილებლად იქონიებს ეკონომიკურ ეფექტს. აღნიშნული ძვრები ყოველთვის იწვევს ეკონომიკის დაცემას, ბევრი ბიზნესმენის და კაპიტალის გადინებას ქვეყნიდან. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი არის ერთ-ერთი პირველი ვინც საქართველოში ახორციელებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ორი ვარიანტი ჩვენი ქვეყნისთვის. პირველი, ავტორიტარიზმისგან გამოქცეულმა ბიზნესმენებმა ჩადონ საქართველოში ფული, და მეორე, ის ქართველი მოქალაქეები ვინც მუშაობენ თურქეთში. თურქეთის პოლიტიკურ კრიზისს ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოზე. პოლიტიკური პარტიები აპირებენ მასობრივ საპროტესტო აქციებზე გასვლას და ამას თან ემატება ის ფაქტორიც, რომ არმია თავს გრძნობს შეურაცყოფილად მას შემდეგ რაც დამამცირებლად დასაჯეს არმიის უმაღლესი გენერლობა სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის.
– რამდენად არსებობს საფრთხე იმისა, რომ უკვე ავტორიტარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებული თურქეთი მოინდომებს ჩვენს საშინაო შიდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში ჩარევას?
– თურქეთი დიდი ხანია ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში. მასიურად ხდება ქართველი ახალგაზრდების წაყვანა თურქეთის სასულიერო სასწავლებლებში. მხოლოდ აჭარაში, ასეთი ადამიანების რიცხვი 1700-მდეა. ძალიან მაღალია თურქული ეკონომიკური ექსპანსია აჭარის ტერიტორიაზე, რაც წინა ხელისუფლების დამსახურებაა, როცა კარი გაუღეს და 24 000 თურქი შემოვიდა აჭარის ტერიტორიაზე. თურქეთმა მიიღო სპეციალური კანონი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ტუ პიროვნება თურქულ საქონელს გაყიდის საზღვარგარეთ, მაშინ თურქეთის მთავრობა აფინანსებს მაღაზიის ტერიტორიის იჯარას.
– საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თურქეთთან კარგი ურთიერთობა იმ კუთხით, რომ საქართველო მუდმივად მიისწრაფვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ, თურქეთი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ამ მიმართულებით. როგორ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია მას შემდეგ რაც უკვე ჩამოყალიბებული კონიუნქტურა იქნება თურქეთში ამ რეფერენდუმის შედეგად განპირობებული?
– ეს დამოკიდებული იქნება თურქეთის და ამერიკის მოლაპარაკებებზე. ერდოღანს ევროპასთან აქვს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობები. განსაკუთრებით გერმანიასთან და ჰოლანდიასთან. აქ არის ისლამური სახელმწიფოს ფაქტორი, სირიის ფაქტორი, ერაყის ფაქტორი. ჩვენ მალე შეიძლება გავხდეთ ახალი სახელმწიფოს წარმოშობის მოწმენი. ეს არის ჩრდილოეთ ერაყი, ანუ ქურთისტანმა სულ მალე შეიძლება გამოაცხადოს სახელმწიფოებრიობა. რა თქმა უნდა ეს თურქეთის ინტერესებს არ შეესაბამება და ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ ეს არ შედგეს.

Share