Home » საზოგადოება » თურნავა – “საქნახშირში“, ჩვენი ხელშეწყობით, გაუმჯობესდა შრომის პირობები, მეშახტის საშუალო ხელფასი 50 პროცენტით და მეტით გაიზარდა

თურნავა – “საქნახშირში“, ჩვენი ხელშეწყობით, გაუმჯობესდა შრომის პირობები, მეშახტის საშუალო ხელფასი 50 პროცენტით და მეტით გაიზარდა

ბოლო 1,5 წლის განმავლობაში, „საქნახშირში“ ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ, ჩვენი ხელშეწყობით, გაუმჯობესდა შრომის პირობები. უბედური შემთხვევების რისკი არის მინიმუმამდე დაყვანილი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა უსაფრთხოებას. მეშახტის საშუალო ხელფასი 50 პროცენტით და მეტით გაიზარდა. დღეს „საქნახშირი“, სადაც დასაქმებულია 1300-მდე ადამიანი, საკმაოდ დიდი დამსაქმებელი საწარმოა. ის ერთადერთია საქართველოში, რომელიც ქვანახშირს მოიპოვებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც ტყიბულში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე მეშახტეებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. მათ შორის, მეშახტეებისთვის საპენსიო ასაკის დაწევის, კურორტ “ცხრაჯვარის“ ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების, ტყიბულში სამედიცინო ცენტრის აშენებისა და სხვა საკითხების შესახებ.

„ჩვენ დღეს დამატებითი დავალებები მივიღეთ, რათა მეშახტეების ყოფა გაუმჯობესდეს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საწარმოს სიახლოვეს მოეწყოს მულტიფუნქციური სამედიცინო ცენტრი. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ამ საქმეში და აუცილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სამედიცინო ცენტრის ასაშენებლად სახელმწიფო ქონებას გადავცემთ. ასევე მნიშვნელოვანი დავალება მივიღეთ ტყიბულის, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრის, განვითარების თვალსაზრისით.

მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე არის უნიკალური კურორტი „ცხრაჯვარი“, სადაც უძველესი სალოცავი და მღვიმე მდებარეობს. ჩვენ მივიღეთ ასევე დავალება, რომ კურორტზე მოეწყოს საბაგირო“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა მეშახტეებთან შეხვედრაზე დასმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. მისი თქმით, მეშახტეებმა დააყენეს საპენსიო ასაკის დაწევის საკითხი. „მართლაც მძიმე შრომითი პირობებია. არსებობს ამის პრეცედენტი მთელს მსოფლიოში, როდესაც საქმე შეეხება მაღაროელს და მეშახტეს. პრემიერ-მინისტრმა მოგვცა დავალება ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და მივიღოთ დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Share