Home » ფინანსები » თურნავა: პოზიტიური ტენდენციაა, რომ სავაჭრო დეფიციტი არის 62 მილიონი დოლარით გაუმჯობესებული

თურნავა: პოზიტიური ტენდენციაა, რომ სავაჭრო დეფიციტი არის 62 მილიონი დოლარით გაუმჯობესებული

გამოქვეყნდა იანვრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენ გვაქვს იანვარში კლება, რადგან მესამე ტალღა მძვინვარებს მსოფლიოში და საგარეო ვაჭრობა დამოკიდებულია არსებულ ვითარებაზე, არა მხოლოდ საქართველოში არამედ გარე ბაზრების ვითარებაზეც, რადგან ეს არის ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატი, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ​მა ისაუბრა.

ნათია თურნავას განმარტებით, ადგილობრივი წარმოების საექსპორტო პროდუქციაში პოზიტიურ დინამიკა სახელმწიფოს დაბალანსებული პოლიტიკის შედეგია.

„დაახლოებით 16% არის კლება, როგორც ექსპორტში ასევე იმპორტშიც. ერთი პოზიტიური ტენდენციაა, რომ სავაჭრო დეფიციტი არის 62 მილიონი დოლარით გაუმჯობესებული. ანუ ეს არის თანხა, რითაც მეტია ექსპორტი ვიდრე იმპორტი, გაუმჯობესებულია ეს ბალანსი.

გვაქვს მოლოდინი, როდესაც სტატისტიკის სამსახური დაამუშავებს ამ მონაცემებს, რომ ადგილობრივი წარმოების ექსპორტში გვექნება მეტად პოზიტიური დინამიკა, ვიდრე ზოგადად ექსპორტში. შეგახსენებ, რომ გასული წელი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე იყო ეკონომიკისთვის და საგარეო ვაჭრობისთვის, ჩვენ ყოველთვის პოზიტიური დინამიკა გვქონდა ადგილობრივი წარმოების საექსპორტო პროდუქციაში. ეს ჩვენი დაბალანსებული პოლიტიკის შედეგია.

ერთი მხრივ ჩვენ ვზღუდავთ გარკვეულ აქტივობებს იმისთვის, რომ დავიცვათ ეპიდვითარება, მაგრამ მეორე მხრივ მაქსიმალურად ვამუშავებთ ბიზნესებს იმისთვის, რომ განხორციელდეს მეტი ექსპორტი, განვითარდეს ქართული წარმოება და მეტი შემოსავალი მიიღოს ქვეყანამ“, – განაცხადა თურნავამ.

Share