Home » საზოგადოება » თურნავა – მიმდინარე საარბიტრაჟო დავამ, რომელიც წინა ინვესტორების მხრიდან არის გაჩაღებული, ანაკლიის პროექტს გარკვეული დარტყმა მიაყენა

თურნავა – მიმდინარე საარბიტრაჟო დავამ, რომელიც წინა ინვესტორების მხრიდან არის გაჩაღებული, ანაკლიის პროექტს გარკვეული დარტყმა მიაყენა

მიმდინარე საარბიტრაჟო დავამ, რომელიც წინა ინვესტორების მხრიდან არის გაჩაღებული, ამ პროექტს გარკვეული დარტყმა მიაყენა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განმარტა, დღეს ქვეყანას ოპერირებადი პორტი უნდა ჰქონოდა, თუმცა პროექტი ჯერაც არ განხორციელებულა. თურნავას თქმით, ამის დადებითი მხარე ისაა, რომ უფრო სანდო ინვესტორების მოძებნა იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო კონსულტანტები მოვიწვიეთ, რომლებიც ცნობილი არიან საზღვაო სფეროში, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით სანდო კვლევებით. მათ ჩვენთვის პრაქტიკულად ეს პროექტი განაახლეს და საინვესტიციო შეთავაზების განახლებული სტრუქტურა წარმოადგინეს, სადაც მთავრობის მონაწილეობა შეიძლება უფრო მეტად წონადი იყოს და ეს პროექტი უფრო მიმზიდველი გავხადოთ ამ თვალსაზრისით.

ვფიქრობთ, რომ მომავალში უფრო ინვესტორებს ვეკონტაქტოთ. პროექტი არის კომპლექსური. გეთანხმებით, რომ მიმდინარე საარბიტრაჟო დავამ, რომელიც წინა ინვესტორების მხრიდან არის გაჩაღებული, ამ პროექტს გარკვეული დარტყმა მიაყენა.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამდენი წელია ვერ განხორციელდა. ახლა ჩვენ დღეს ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა და ამის მაგივრად, ჯერ კიდევ პროექტი გვაქვს. მეორე მხრივ, ამაში დადებითსაც ვხედავ იმიტომ, რომ უფრო სანდო ინვესტორების მოძებნა იქნება შესაძლებელი. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდეს“, – განაცხადა თურნავამ.

მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საქართველოს გავლით ტვირთების ტრანზიტი არ შემცირებულა და რიგი მიმართულებებით გაიზარდა კიდეც.

„მაგალითად, კონტეინერების მიმართულებით გაიზარდა. ეს კვლავ ძალიან მიმზიდველი სფეროა“,- განაცხადა თურნავამ.

Share