Home » საზოგადოება » თურნავა: ჩვენი მიზანია რეგიონებში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რაიონიდან გაუსვლელად, ჰქონდეთ შესაძლებლობა ინოვაციური იდეები სტარტაპებად და რეალურ ბიზნესებად აქციონ

თურნავა: ჩვენი მიზანია რეგიონებში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რაიონიდან გაუსვლელად, ჰქონდეთ შესაძლებლობა ინოვაციური იდეები სტარტაპებად და რეალურ ბიზნესებად აქციონ

ჩვენი ინოვაციური პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ვავითარებთ და ადგილობრივ მოსახლეობას ვთავაზობთ, ოზურგეთში საქართველოს მასშტაბით მეცხრე ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა – ეს არის საერთო სივრცე, სადაც ახალგაზრდა, ნიჭიერ, კრეატიულ ადამიანებს შეუძლიათ წარადგინონ ინოვაციური ბიზნეს-იდეები და ჩვენ დავეხმარებით, მათ შორის, ფინანსურად, ტექნოლოგიურად, ახალი მოწყობილობებისა და დანადგარების მეშვეობით, რომ ეს იდეები სტარტაპებად და რეალურ ბიზნესებად აქციონ, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ოზურგეთში, ტექნოპარკის გახსნის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ამ სფეროში მთავრობის პოლიტიკამ გამოიღო ძალიან სერიოზული შედეგები და დღეს ორასზე მეტი სტარტაპი, რომელიც სახელმწიფო პროგრამის დახმარებით სარგებლობს, გრანტებით გახსნილია უკვე საერთაშორისო ასპარეზზე, არიან კონკურენტუნარიანები და აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდა ინოვატორებმა უკვე 200 მილიონ ლარზე მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს.

„იცით, რომ გასული წლის ბოლოს, ამერიკელმა ინვესტორებმა „სილიკონ ველის“ ინვესტორების მონაწილეობით საქართველოში შექმნეს ახალი, 50 მილიონიანი ფონდი სწორედ იმისთვის, რომ ადგილობრივი სტარტაპები დააფინანსონ და მოხარული ვარ, რომ დღეს, უკვე გურიის, რეგიონი, კერძოდ, ოზურგეთის ახალი ტექნოპარკი დაეხმარება აქ, ადგილზე, ამ რეგიონში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომ მათ განავითარონ თავიანთი ინოვაციური ბიზნეს-იდეები, დაეუფლონ სხვადასხვა ახალ უნარებს, მათ შორის, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ინოვაციური სტარტაპების ბიზნესგეგმების მომზადების პროცესს და ა.შ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ახალგაზრდები დავამაგროთ რეგიონებში, რომ, მათ, თავიანთი რაიონებიდან გაუსვლელად, ჰქონდეთ წვდომა ისეთივე მაღალი ხარისხის ინტერნეტზე, ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე, უნარებზე, ტრენინგებზე, როგორც ეს, ხელმისაწვდომია, მაგალითად, თბილისში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ოზურგეთში ტექნოპარკი გახსნა.

Share