Home » ფინანსები » თურნავა: ბიზნესსუბიექტებს და კერძო პირებს 6 მილიონზე მეტი ღირებულების იჯარის გადასახადებს და ჯარიმებს ვაპატიებთ

თურნავა: ბიზნესსუბიექტებს და კერძო პირებს 6 მილიონზე მეტი ღირებულების იჯარის გადასახადებს და ჯარიმებს ვაპატიებთ

„ბიზნესსუბიექტებს და კერძო პირებს, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირით ან მართვის უფლებით აქვთ გადაცემული სახელმწიფო ქონება, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით, ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით ამ პერიოდში დარიცხული ჯარიმა, სანქცია, საურავი“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჯამში საუბარი არის ქირა, იჯარა მართვის საზღაური 5 მილიონ ლარზე მეტი და ამას ემატება გადაუხდელობით ან დაგვიანებით დარიცხული ჯარიმა დაახლოებით ერთი მილიონი ლარი, რომელიც ასევე ეპატიებათ ამ სუბიექტებს.

ეს გამომდინარეობს იმ სირთულეებიდან, რაც თავს დაატყდა ქვეყანას, ბიზნესებს, ადამიანებს, რაც აისახა მათ გადახდისუნარიანობაში, ამან შეაფერხა იგივე სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, მოიჯარეების შესაძლებლობები, რომ დროულად გადაეხადა სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრებული იჯარა ქირა და დაეკისრათ ჯარიმები. ეს ის პერიოდია, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე, მოქმედებდა ამა თუ იმ დოზით შეზღუდვები.

წელს უკვე გაზაფხულზე, მარტის შემდეგ მივიღეთ ეკონომიკის გაზრდის გადაწყვეტილება. რის შემდეგაც მსგავსი პრობლემები აღმოიფხვრა. სრულიად სამართლიანი იქნება, რომ იმ გასული პერიოდის განმავლობაში, როდესაც ბიზნესები იყო შეზღუდული, პანდემიიდან გამომდინარე იყო ყველაზე რთული პერიოდი, ჩვენ მივცეთ შეღავათი და შესაძლებლობა, ადამიანებს, კომპანიებს, ვინც სარგებლობდა ქირით იჯარით, ეს გადასახადელი გადაუხდელი თანხა მათ ეპატიოთ.

იმისთვის, რომ სამართლიანობა დავიცვათ, ამ შეღავათებს ვავრცელებთ იმ მოიჯარეებზეც, ვინც გადაიხადა სრულად ან ნაწილობრივ, ეს იქნება სწორი და მომავალში ჩაეთვლებათ ეს შეღავათი გადახდილად. ყველას თანაბრად უჭირდა ვიღაცას ჰქონდა შესაძლებლობა და შესაბამისად, ყველაზე თანაბრად გავრცელდება ეს შეღავათი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Share