Home » საზოგადოება » თურნავა – არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ფონდები საქართველოს ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირების მზადყოფნას გამოხატავენ

თურნავა – არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ფონდები საქართველოს ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირების მზადყოფნას გამოხატავენ

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მაღალი რანგის შეხვედრები გამართა თავის კოლეგებთან არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუისთან, ტოლერანტობის მინისტრთან შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ ნაჰიანთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ასევე შეხვდა „აბუ დაბის განვითარების ფონდის“ გენერალურ დირექტორს მუჰამედ საიფ ალ სუვაიდის და Lulu Group International-ის თავმჯდომარე და მმართველ დირექტორს იუსუფ ალის.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში. ხაზი გაესვა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობების განვითარებას და ამ მხრივ დიდი პოტენციალი არსებობს.

ნათია თურნავას თქმით, პოსტკოვიდ პერიოდში ეკონომიკის აღდგენისთვის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და მათი გეოგრაფიის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია.

„ ჩვენ ვესტუმრეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რომელიც ჩვენი ტრადიციული ინვესტორ -პარტნიორია. წლების განმავლობაში ადგილობრივ ინვესტორებს მილიარდ 100 მილიონზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული საქართველოში, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, გაცილებით მეტად გავაფართოვოთ გაერთიანებული საამიროების ინვესტორების პროექტები და მათი ინვესტიციები საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში ჩემი კოლეგების გარდა, ასევე შევხვდი უმსხვილეს საინვესტიციო ფონდებს, ვინც გამოხატავს მზადყოფნას, შემოვიდეს საქართველოში, გააფართოვოს და ინვესტიცია განახორციელოს ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის განვითარებაში.

ეს არის ის სფეროები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის და ასევე, ძალიან მნიშნელოვანია უცხოელი ინვესტორებისთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Share