Home » ფინანსები » „თუ საპენსიო სესხზე პროცენტი 30%-მდეა შემცირებული, ეს ძალიან კარგია, ამის შესახებ არ ვიცოდით“ – ლევან იოსელიანი

„თუ საპენსიო სესხზე პროცენტი 30%-მდეა შემცირებული, ეს ძალიან კარგია, ამის შესახებ არ ვიცოდით“ – ლევან იოსელიანი

“ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელიც  ახალ პაკეტზე მუშაობს. ჩემი ამოცანა არ არის სხვა ბანკების საპროცენტო განაკვეთი ვაკონტროლო, ამ ეტაპზე ჩემი ამოცანაა, რომ “ლიბერთი ბანკმა” დაბალ პროცენტში მისცეს პენსიონერებს სესხი”, – ამის შესახებ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

გამოცემის კითხვაზე, ფლობს თუ არა ინფორმაციას, რომ ე.წ. საპენსიო სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 30,65%-ს და არა 36%-ს, როგორც ეს საპარლამენტო გამოსვლისას „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, იოსელიანმა განმარტა, რომ გაზაფხულზე, როდესაც მათ ინფორმაცია გამოითხოვეს, ამ ტიპის სესხზე საპროცენტო განაკვეთი 36-ის ნიშნულზე ფიქსირდებოდა. „მე მოკვლევას არ ვატარებ, მე შემიძლია ინფორმაცია გამოვითხოვო. როდესაც საკომიტეტო მოსმენა იყო (2021 წლის გაზაფხულზე), იმ პერიოდში როდესაც მოვიძიეთ ინფორმაცია, ამ ტიპის სესხზე საპროცენტო განაკვეთი 36 იყო. არამარტო ჩვენი განცხადებით, არამედ,“ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენლის, მათ შორის, ექსპერტების განცხადებითაც,საპროცენტო განაკვეთი იყო 36%.

შეიძლება ამის შემდეგ რაღაცეები შეამცირეს, მე ბოლო ინფორმაცია და მათი შიდა რეგულაციებია რ ვიცი. ძალიან კარგი თუ შეამცირეს. ნამდვილად იყო პერიოდი, როდესაც 36% -იც იყო და მეტიც. ახლა თუ 30%-ია ნამდვილად არ ვიცი. თუ დააკლეს, კარგია, თუმცა, 30%-იც ძალიან მაღალია“, – აღნიშნა იოსელიანმა.

„ბანკები და ფინანსების“ კითხვაზე, ფლობენ თუ არა „მოქალაქეები“ინფორმაციას, რომ 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხზე  (ამ კატეგორიას მიეკუთვნება „ლიბერთის“ ე.წ. საპენსიო სესხიც) სხვა კომერციული ბანკების მიერ შეთავაზებული პირობების მიხედვით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 43-იდან 49% -მდე მერყეობს, იოსელიანმა აღნიშნა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სხვა ბანკებში სამომხმარებლო სესხის პროცენტი, როცა ინფორმაცია გამოითხოვეს, იყო 25-27%.

„მას მერე, შეიძლება გაიზარდა პროცენტები, არ ვიცი. მე გეუბნებით გაზაფხულის მონაცემებს, როდესაც  საკომიტეტო მოსმენა ჩატარდა, ვერ ვიხსენებ თარიღს, მაშინ მაქსიმალური განაკვეთი 27%-ი იყო.  ამას ადასტურებდა „ლიბერთი ბანკიც“, რომ სამომხმარებლო სესხის პროცენტი 27%-ი იყო. ანუ, სამომხმარებლო სესხის საშუალო განაკვეთი  იყო (ახლა, ამ წუთში რა მდგომარეობაა არ ვიცი) 25-26%. რომ შეხვიდეთ ბანკების საიტებზე ნახავთ, იგივე ინფორმაციას განთავსებულს მათ ვებ-გვერდებზე. არსად არ უწერიათ, რომ სამომხმარებლო სესხის პროცენტი  43-49%-ია“, – აღნიშნა იოსელიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც  ახალ პაკეტზე მუშაობს. „ჩემი ამოცანა არ არის სხვა ბანკების საპროცენტო განაკვეთი ვაკონტროლო, ამ ეტაპზე ჩემი ამოცანაა, რომ „ლიბერთი ბანკმა“ დაბალ პროცენტში მისცეს პენსიონერებს სესხი. განსაკუთრებით იმ პენსიონერებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მათ შორის არიან სოციალურად დაუცველები.

არის პენსიონერების ნაწილი, ვისაც ანგარიშზე უდევს რამდენიმე ასეული ათასი ლარის დეპოზიტი. მათ მიმართ მიდგომა და სოციალურად დაუცველი პენსიონერების მიმართ მიდგომა არ შეიძლება იყოს თანაბარი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, 31 აგვისტოს „ბანკები და ფინანსებმა“ გამოაქვეყნა მოკვლევის შედეგები, საიდანაც ირკვევა, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1000 ლარამდე სესხის ნომინალური (და არა ეფექტური) საპროცენტო განაკვეთი, უგირავნო სესხებზე ქართულ კომერციულ ბანკებში საშუალოდ 26.8%-ს შეადგენს.

რაც შეეხება, „ლიბერთი ბანკს“, მოკვლევის შედეგად დაფიქსირდა, რომ ასაკის მიუხედავად (60-დან 85-მდე)  მომხმარებლებს,  და იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ დამატებითი შემოსავალი, შეუძლიათ ისარგებლონ სამომხმარებლო ტიპის, უგირავნო სესხით. ამ ტიპის სესხის (ამ ტიპის სესხებს განეკუთვნება, მათ შორის, ე.წ. საპენსიო სესხები) ეფექტური ანუ რეალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს  30,65%-ს და იგი მოიცავს სესხის მომსახურების აბსოლუტურად ყველა ხარჯს, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოების გარეშე.

 

Share