Home » ბიზნესი » „თუ მოლაპარაკება შედეგს გამოიღებს, რესტორნების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება გაუქმდება“

„თუ მოლაპარაკება შედეგს გამოიღებს, რესტორნების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება გაუქმდება“

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომ შაბათს რესტორნები გახსნან, არა სურვილის, არამედ იძულების გამო მიიღეს.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში, სხვა გამოსავალი არ დარჩათ.

„შაბათს, 6 თებერვალს, რესტორნები აპირებენ გახსნას და სტუმრის მიღებას. ეს გადაწყვეტილება არის მიღებული არა სურვილით, არამედ იძულებით, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ამდენ რაოდენობას რესტორნებისას თუ დააჯარიმებენ, დახურავენ, ადამიანებს დაიჭერენ, ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა, მათი გადაწყვეტილება არის, შეუძლიათ იმოქმედონ“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

კითხვაზე: დახურვისა და დაჯარიმების შემდეგ, გახსნიან თუ არა კვლავ ობიექტებს, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ გახსნიან, რადგან დახურვასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს მიერ აბსურდული გადაწყვეტილებაა მიღებული.

„კი, კი, ისევ გაიხსნება. საქართველოში ასეთი პრობლემა გვაქვს, თბილისში კონკრეტულად, სასტუმროების რესტორნები მუშაობენ ჩვეულებრივად, როგორც რესტორნებს შეუძლიათ ოპერირება და ეს არის ასე ვთქვათ, გარკვეულწილად რაღაც პრობლემური საკითხი. ერთს თუ შეუძლია იმუშაოს, რატომ არ შეუძლია –  მეორეს. მათ უნდა იმუშაონ, სწორს აკეთებენ, ისინი კანონს არ არღვევენ, მაგრამ რეალურად, როცა შეგიძლია შენც იგივენაირად ფუნქციონირება გააგრძელო, ვერ წარმომიდგენია, რომელიმე შენობაში განსაკუთრებულად ვერ შედიოდეს ვირუსი, ან მეორეში შედიოდეს. სრულ აბსურდში, სისულელეში ვართ და ამ სისულელის აღმოსაფხვრელად არის გადაწყვეტილება მიღებული.

ყველა ადამიანი თავად იღებს პასუხისმგებლობას თავის გადაწყვეტილებაზე, ვერავინ ვერავის ვერ უბრძანებს. რესტორნები ამუშავდება რეგულაციების დაცვით. სამშაბათს დაანონსდა, რომ შაბათამდე ყველა ნიუანსი, ყველა დეტალი იყოს გათვალისწინებული. რესტორნები შეიძლება იყოს 400 ან 1 000. ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებებზე გადავიდეთ, არასდროს გაგვიკეთებია ულტიმატუმი. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ამ სიტუაციაში გამოიღებს შედეგს, რა თქმა უნდა, ის, რაც გადაწყვეტილია, გაუქმდება“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

Share