Home » საზოგადოება » „თუ მძღოლებს მაინც დაყავთ მგზავრები სხვადასხვა რეგიონებში, შესაბამის რეაგირებას საჭიროებს“

„თუ მძღოლებს მაინც დაყავთ მგზავრები სხვადასხვა რეგიონებში, შესაბამის რეაგირებას საჭიროებს“

ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი განმარტავს, თუ რატომ არ აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა რეგიონებში ეპიდვითარებას გააუარესებს.

„საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არის რეგიონებს შორის მობილობის მაღალი კონტრიბუტორი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წერტილოვნად ვუდგებით სხვადასხვა რეგიონში არსებულ ვითარებას, დღეის მდგომარეობით ეპიდემიოლოგიური ვითარება სხვადასხვა რეგიონში განსხვავდება. აჭარაში მნიშვნელოვნად კარგი ვითარებაა, მაშინ, როდესაც იმერეთში ჯერ არ არის ასეთი რიცხვები. თუ საქალაქთაშორისო ტრანპორტი აღდგება, სწრაფად მოხდება გაუარესება იმ რეგიონებში, სადაც უკეთესი ვითარებაა.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მობილობა როგორც ქალაქებს შიგნით, ასევე რეგიონებშიც, უნდა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე, მანამ, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, თუ რეგულაციების მიუხედავად, მძღოლებს მაინც დაყავთ მგზავრები სხვადასხვა რეგიონებში, ეს არის კანონდარღვევა და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს.

„ეს არის კანონდარღვევა. საქალაქთაშორისო მოძრაობა არის შეზღუდული სწორედ იმისთვის, რომ მობილობა შევამციროთ, თუ ასეთი შემთხვევები არის ეს არის ცუდი და ამაზე შესაბამისი რეაგირებაა საჭირო“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

Share