Home » საზოგადოება » თქვენ კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივა მოკალით – ხაზარაძე გვენეტაძეს

თქვენ კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივა მოკალით – ხაზარაძე გვენეტაძეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სხდომაზე გამართულ დებატებში პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კობა გვენეტაძეს კაპიტალის ბაზრის შესახებ დაუსვა კითხვა.

“3 საკითხს გამოვყოფ მხოლოდ კითხვებში. პირველია ლარის კურსი, რომელიც ბატონი კობა გვენეტაძის პრეზიდენტობის დროს 40%-ზე მეტად გაუფასურდა. აქვე დავაზუსტებ, სებ-ი აცხადებს, რომ ლარის კურსი მის კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ მაშინ რატომ ყიდით მყარ ვალუტას ინტერვენციების გზით? რატომ ერევით სავალუტო ბაზარზე? ეს რომ თქვენი საქმე არ იყოს, მაშინ დოლარს გასაყიდად არ გამოიტანდით.

მეორე – ეს არის ინფლაციის დონე. მუდმივად აცხადებთ, რომ ინფლაცია არის ეროვნული ბანკის ნომერ პირველი ამოცანა, თუმცა თქვენ ინფლაცია გაგექცათ და ვერ აკონტროლებთ ვერანაირ ფასებს. შედეგი არის ის, რომ ინფლაცია დღეს 7%-ს აღემატება.

მესამე საკითხი – თქვენ როგორც მარეგულირებელი, ამავდროულად ზედამხედველობას უწევთ კაპიტალის ბაზარს. გრძნობთ თუ არა ამ მიმართულებით ინეტერსთა კონფლიქტს, რადგან ერთი მხრივ, იყო მარეგულირებელი საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების და მეორე მხრივ, კაპიტალის ბაზრის, რომელიც პირდაპირ კონკურენტი უნდა იყოს საკრედიტო სისტემის.

საქართველოში არ არსებობს არანაირი არხი ბიზნესისთვის, რომ მათ მოიზიდონ ფული საკუთარი საქმიანობის გაფართოებისთვის, გარდა იმისა, რომ მიაკითხონ ბანკებს.

ეს პირველ რიგში, იწვევს საკმაოდ დიდ უკმაყოფილებას, იწვევს იმას, რომ არცერთი კომპანია არ არის კაპიტალიზირებული. რა გააკეთეთ იმისთვის, რათა საფონდო ბირჟაზე, სადაც ბოლო 8 თვეში მხოლოდ 2 ათასი ლარის გარიგებები დაიდო და არ თქვათ, რომ ბონდები ივაჭრება ბირჟაზე, რადგანაც ბონდები არ არის წილობრივი ფასიანი ქაღალდები, შეცდომაში რომ არ შეიყვანოთ საზოგადოება.

საუბარია კორპორაციების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე. თქვენ ეს პერსპექტივა მოკალით და ქვეყანაში არ არსებობს შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო ბიზნესებმა ან ადგილობრივმა მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა კომპანიის მფლობელობაში”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Share