Home » ეკონომიკა » “თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 300%-ით გაიზარდა“ – BAG

“თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 300%-ით გაიზარდა“ – BAG

მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, 2020 წელს ქვეყნის სანავთობო ინდუსტრიაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნებოდა.  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აქტიური ჩართულობითა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებში განხორციელებულმა ცვლილებებმა და გამკაცრებულმა ადმინისტრირებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა, როგორც კეთილსინდისიერი ბიზნესის წახალისებასა და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებაზე, ასევე შენატანებზე სახელმწიფო ბიუჯეტში.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ თხევადი გაზის დაბეგვრის წესში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შესაბამისი აქციზით დაბეგვრას დაექვემდებარა ნავთობპროდუქტის იმპორტისათვის წლების მანძილზე გამოყენებადი ე.წ. უაქციზო სასაქონლო კოდი და ნაცვლად ორეტაპიანი, მანიპულირებას დაქვემდებარებული დაბეგვრის მოდელისა, ამოქმედდა ერთეტაპიანი დაბეგვრის წესი – 300 ლარის ოდენობით. შედეგად, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების თარიღიდან, ექვსი თვის განმავლობაში, სახელმწიფი ბიუჯეტმა, მოსალოდნელზე 300%-ით მეტი შემოსავალი მიიღო. მათ შორის, ნახევარზე მეტი – სწორედ ე.წ. უაქციზო კოდის დაბეგვრით“ – აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შედეგის პარალელურად შეუფერხებლად გრძელდება თხევადი გაზის ბიზნეს სეგმენტის განვითარება. 2020 წლის 11 თვის მაჩვენებლების თანახმად, თხევადი გაზის იმპორტი აღემატებოდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიისა. აქვე აღსანიშნავია,  რომ 2020 წელს, პანდემიის გამო ეკონომიკაში შექმნილი პრობლემებისა და შენელებული აქტივობების შედეგად, შემცირებულია ქვეყანაში ბენზინის ტიპის საწვავის იმპორტი.

შავლეგ მიშველეძის თქმით, „სამწუხაროდ, მიუხედავად ზემოთქმულისა, გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რომლის მიზანიც გახლავთ, აღმოფხვრილი, უკვე წარსულს ჩაბარებული უაღრესად მანკიერი პრაქტიკის უკან დაბრუნება. აქვე შეგახსენებთ, რომ  ნავთობპროდუქტის, ანუ აქციზის გადასახადის გადახდას დაქვემდებარებული პროდუქტის ნაწილის იმპორტისას სახელმწიფო ბიუჯეტი იღებდა ნულ ლარს, ხოლო ნაწილის შემთხვევაში – კუთვნილი გადასახადების მხოლოდ მცირე ნაწილს“.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ თხევადი გაზის ინდუსტრიაში ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება. მათ შორისაა,  თხევადი გაზის გასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საჭიროება და ამ კუთხით ერთიანი, თანამედროვე სტანდარტის შექმნა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივებით, ხელისუფლებასთან ეფექტიანი თანამშრომლობის გზით, განხორციელებული თითოეული საკანონმდებლო ცვლილებება თუ ნორმატიული აქტი პირდაპირ კავშირშია  საქართველოში ადმინისტრირების ხარისხის ამაღლებასთან, კეთილსინდისიერი ბიზნესის განვითარებასთან,  კონკურენტული გარემოს გაძლიერებასა და საბოლოო ჯამში  გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებთან“ – განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

Share