Home » ბიზნესი » თიბისი კაპიტალმა ნიკორას ობლიგაციების წარმატებულ განთავსებაზე განაცხადა
თიბისი კაპიტალმა ნიკორას ობლიგაციების წარმატებულ განთავსებაზე განაცხადა

თიბისი კაპიტალმა ნიკორას ობლიგაციების წარმატებულ განთავსებაზე განაცხადა

„თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „ნიკორას“ ობლიგაციების წარმატებულ განთავსებაზე განაცხადა.

ობლიგაციების მოცულობა 10 მილიონი დოლარია, ვადა – 2 წელი, საპროცენტო სარგებელი წლიური 9%.

„საქართველოს ბაზრისთვის ეს არის მნიშვნელოვანი ემისია და მოხარული ვართ, რომ ჩვენი შვილობილი კომპანიის დახმარებით ეს შეთავაზება წარმატებით და ეფექტურად შედგა,“- განახცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„ნიკორას“ გენდირექტორის ირაკლი ბოქოლიშვილის თქმით, ახალი ობლიგაციების გამოშვება კომპანიას დაეხმარება ფინანსების მოქნილად მართვასა და მოზიდული რესურსების დივერსიფიკაციაში.

„ინვესტორების დიდი დაინტერესება განპირობებული იყო კომპანია „ნიკორას“ მრავალწლიანი ისტორიით, კვების პროდუქტების წარმოებისა და საცალო გაყიდვების ბაზარზე მისი წამყვანი პოზიციით და ობლიგაციების სწორად განსაზღვრული ფასით. ვთვლით, რომ ამ მასშტაბის განთავსება ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის გაფართოებას და მომავალში სხვა კომპანიების გააქტიურებას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე,“ – განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ.

სს „ნიკორას“ ჰოლდინგში შემავალი სუპერმარკეტების ქსელმა 5 მილიონი დოლარის ობლიგაციები შარშანაც  გამოუშვა.

„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა.

„ნიკორა“ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს. კომპანია ერთ -ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს ფლობს.

Share