Home » ბიზნესი » ”თიბისი ბანკი” ლონდონის საფონდო ბირჟის უმაღლეს ინდექსში მოხვდა
”თიბისი ბანკი” ლონდონის საფონდო ბირჟის უმაღლეს ინდექსში მოხვდა

”თიბისი ბანკი” ლონდონის საფონდო ბირჟის უმაღლეს ინდექსში მოხვდა

”თიბისი ბანკი” ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში შევიდა. ეს ნიშნავს, რომ ”თიბისი ბანკი” საბაზრო კაპიტალიზაციით მოხვდა უმსხვილეს 350 კომპანიას შორის, რომელთა აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

”ამ ცვლილების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება ”თიბისი ბანკის” აქციებზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, ეს აქციების ლიკვიდურობაზე იმოქმედებს.

”თიბისი ბანკის” აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება, ხოლო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში ”თიბისიმ” შარშან გადაინაცვლა”, – აცხადებენ ბანკში.

მათი ცნობით, FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმსხვილესი ინდექსია, რომელიც აერთიანებს სიდიდით 101-დან 350-ის ჩათვლით არსებულ მსხვილ კომპანიებს. კომპანია FTSE 250 ინდექსში ხვდება საბაზრო კაპიტალიზაციისა და ლიკვიდურობის გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ.

„FTSE 250 ინდექსში შესვლით, ვფიქრობთ, რომ ”თიბისი ბანკი” კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება ინვესტორებისათვის. დიდი მადლობა ”თიბისი ბანკის” მთელ გუნდს, რომელიც ბანკის მუდმივი განვითარების წინაპირობას ქმნის“, – განაცხადა ”თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ბირჟის უმაღლეს ინდექსში გადასვლის პარალელურად, თიბისი ბანკს საკმაოდ სერიოზული შეხვედრა ჰქონდა ინვესტორებთან ლონდონში. შეხვედრას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძეც ესწრებოდა. თიბისი ბანკის მენეჯმენტმა 100 მდე არსებულ და პოტენციურ ინვესტორს ქართულ ეკონომიკასა და საბანკო სფეროში მიმდინარე მოვლენები და თიბისი ბანკის სტრატეგია გააცნო. როგორც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აღნიშნავს, ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი იყო.

რაც შეეხება სამომავლო სტრატეგიას, თიბისი ბანკი ყველა საბანკო მიმართულებით გეგმავს განვითარებას. ასევე გეგმაშია მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიურად დაფინანსება ლარის რესურსით. ახლახან დასრულდა მოლაპარაკება საერთშორისო კომპანია  „სიმბიოტიკსთან“, რომელიც თიბისი ბანკს 45 მილიონი ლარის რესურსს გამოუყოფს. ან თანხით თიბისი ბანკი მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესებს დააფინანსებს.

„მხოლოდ პირველი კვარტლის განმავლობაში დოლარიზაცია შევამცირეთ 65-დან 61 პროცენტამდე. მჯერა, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სესხები ბანკებმა აიღონ ლარში და სულ რამდენიმე დღის წინ „სიმბიოტიკსთან“ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ გამოგვიყონ დაახლოებით 45 მილიონი ლარი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესებს მოხმარდება,“- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 

Share