Home » ახალი ამბები » თენგიზ ცერცვაძე – „რემდესივირი“ რომ არ დამეწყო, მოვკვდებოდი

თენგიზ ცერცვაძე – „რემდესივირი“ რომ არ დამეწყო, მოვკვდებოდი

მე რომ „რემდესივირი“ არ დამეწყო, მოვკვდებოდი, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.

„ჩემს შემთხვევაში „რემდესივირმა“ ცალსახად იმოქმედა და გადასხმას რომ ვიკეთებდი, უკვე ვგრძნობდი, რომ რაღაც ინტოქსიკაცია მომეხსნა. როგორც ჩანს, ვირუსის რეპლიკაცია დათრგუნა. მე ძალიან მძიმე რისკის ჯგუფს მივეკუთვნები. გარდა იმისა, რომ 70 წელს გადაცილებული ვარ, მაქვს არაჰოჯკინის ლიმფომა, მძიმე იმუნოდეფიციტი და როგორც კი კოვიდი დაიწყო, ჩემი იმუნიტეტი განადგურდა; იმ დონეზე ჩამოვიდა, რაც შიდსით ავადმყოფებს აქვთ და მე რომ „რემდესივირი“ არ დამეწყო, მოვკვდებოდი. „რემდესივირი“ რომ დავიწყე, იმუნიტეტმა მეორე დღესვე დაიწყო გაუმჯობესება და ხუთ დღეში საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. მოკლედ, ჩემს შემთხვევაში ძალიან კარგი ეფექტი იქნა მიღებული“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ერთ ადამიანზე დასკვნის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, პრეპარატს მის შემთხვევაში დადებითი შედეგი ჰქონდა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, „რემდესივირის“ გამოყენებას მსოფლიოს ლიდერმა ინსტიტუტებმა მისცეს თანხმობა.

„ესეც ჩემს წინააღმდეგ მომართული კამპანია იყო, თენგიზს სწამს „რემდესივირის“, მის შემოტანას ლობირებს, კარგი გაგებითო და აქვეყნებდნენ სხვადასხვა კვლევის შედეგებს, რომ „რემდესივირმა“ შედეგი არ მისცა. კი, ბატონო, ჯანმომ-მ უარი თქვა, მაგრამ ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტისთვის თანხმობა მისცა ამერიკის ეფდიეიმ, რომელიც მსოფლიოში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და მოდის კანონმდებელია, რომელი წამალი რომელი დაავადების დროს უნდა გამოიყენო. თანხმობა მისცა ამერიკის ჯანმრთელობის ინსტიტუტმა, რომელიც ამ დარგში მსოფლიო ლიდერია და რომლის ბიუჯეტი 4,5 მილიარდი დოლარია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ პროტოკოლებსა და მართვის პრინციპებს ენტონი ფაუჩი და ასეთი დონის ლიდერები იწონებენ, მაგრამ იწუნებს უცხოეთში მოღვაწე რამდენიმე ექიმი, რომლებიც დონით იმათგან ძალიან შორს არიან, რადგან მათ სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ.

„ამერიკის ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ჩვენი ძველი მეგობარი და ძველი პარტნიორია, რომელმაც 2017 წელს თავის ინსტიტუტში მიგვიწვია და ჩვენ საპატივცემულოდ ერთდღიანი სესია გამართა. პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში, ამ ინსტიტუტის ისტორიაში ასეთი რამ არ მომხდარა, ჩვენ მიგვიწვია და რატომ არის, რომ ფაუჩი და ასეთი დონის ლიდერები ჩვენს პროტოკოლებსა და მართვის პრინციპებს იწონებენ და გვიწუნებს უცხოეთში მოღვაწე რამდენიმე ექიმი, რომლებიც დონით იმათგან ძალიან შორს არიან?! იმიტომ, რომ მათ სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Share