Home » საზოგადოება » თემურ ჭყონია: ვფიქრობ, კალაძის მართვის ევროპულ სტილს მალე სხვა მერებიც მიბაძავენ 
თემურ ჭყონია: ვფიქრობ, კალაძის მართვის ევროპულ სტილს მალე სხვა მერებიც მიბაძავენ 

თემურ ჭყონია: ვფიქრობ, კალაძის მართვის ევროპულ სტილს მალე სხვა მერებიც მიბაძავენ 

რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც კახა კალაძე თბილისის მერის რანგში მუშობას ოფიციალურად შეუდგა და პირველივე დღეებიდან  შესამჩნევია, რომ ის ცდილობს ჩამოყალიბდეს როგორც თანამედროვე, ევროპული ტიპის მაღალჩინოსანი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობა, მოკლედ ხალხთან მაქსიმალურად ახლოს ყოფნა იყო მისი პირველი ნაბიჯები. შედეგად მან საზოგადოების დიდი ნაწილისგან დადებითი განწყობა დაიმსახურა, დედაქალაქში კი დაიწყო იმ პრობლემების აღმოფხვრა რაზეც მუდმივი უკმაყოფილება იყო მოსახლეობაში – მოწესრიგდა და მოიხატა  გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელები, იწყება მუშაობა მეტროს მოდერნიზაციისთვის, იგეგმება ძველი თბილისის რეაბილიტაცია.

კიდევ ერთი დეტალი, თვალშისაცემია კალაძის ჩაცმულობა – კედები, თანამედროვე, თავისუფალი სამოსი და ქარიზმა, რომელიც ნამდვილად სიახლეა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

და მაინც, საინტერესოა, რა არის კალაძის მთავარი მიზანი – კარგად დაგეგმილი პიარკამპანია, რომლის მიზანიცაა საზოგადოებაში დადებითი იმიჯის შექმნა, თუ იგი რეალუარად ცდილობს, რომ ჩამოყალიბდეს, თანამედროვე ევროპული ყაიდის მერად, ამ კითხვით ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მივმართეთ. შეგახსენებთ, სწორედ თემურ ჭყონიამ, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, „ბანკები და ფინანსებთან“ საუბარში ღიად დაუჭირა მხარი თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძის კანდიდატურას და განაცხადა, რომ „კალაძე არის ბრენდი, რომელიც თბილისის წარმატებული მერი იქნება“.

დღეს თემურ ჭყონია აცხადებს, რომ კალაძე მისი როგორც ამომრჩევლის, როგორც ბიზნესმენის იმედებს ამართლებს. „კარგად დაიწყო, პირველივე დღეებიდან ჩანს, რომ კალაძე თბილისის ღირსეული მერი იქნება. მის დამოკიდებულებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად სარგებლობას, მოქალაქეებთან მაქსიმალურად ახლოს ყოფნას მივესალმები. მისი პირველი გადაწყვეტილებები – არაფრისმომცემი კომისიების გაუქმება, ნარჩენების გატანის ღამის გრაფიკზე გადაყვანა, ყბადაღებული ზონალური საბჭოს გაუქმება, რომელიც მშენებლობე ბს რაღაც კოეფიციენტებს ანიჭებდა და სიმაღლეში ზრდიდა ქალაქს ისედაც მჭიდროდგანაშენიაბულ უბნებში და კიდევ სხვა ეფექტურ ნაბიჯებს ასევე მივესალმები. ფაქტია, დროა ქვეყანაში საბოლოოდ დასრულდეს საბჭოთა მენტალობა და ევროპული ტიპის, თანამედროვე პოლიტიკოსები გამოჩნდნენ არენაზე. ჩემი აზრით, სწორედ ასეთია კახა კალაძე. უფრო მეტსაც გეტყვით,  გაივლის სულ ცოტა დრო და ჩვენ ერთად ვნახავთ, თუ როგორ აყვებიან მართვის მის სტილს ქართველი ჩინოვნიკები, განსაკუთრებით  საქართველოს ქალაქების მერები. დიახ, ვფიქრობ, კალაძის მართვის ევროპულ სტილს მალე სხვა მერებიც მიბაძავენ. 

 დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე არ გადაუხვევს არჩეულ სტილს. მერობისას დარჩება ისეთივე თავისუფალ და ამავდროულად პასუხისმგებლობის მქონე ადამიანად, როგორიც მანამდე იყო. საერთოდ, წარმატებული და მსოფლიო დონის სპორტსმენი, მით უმეტეს ფეხბურთელი, ვერ გახდები, თუ გუნდურობის აღქმა არ გაქვს მთელი ასი პროცენტით. თუ ვერ ახერხებ მუდმივად ფორმაში ყოფნას, მთავარი და მეორეხარისხოვანი ამოცანების განსხვავებას და დროის რაციონალურად გადანაწილებას. კალაძემ ეს ყველაფერი შეძლო სპორტსმენობისას, მოახერხა ამ თვისებების კონვერტირება პოლიტიკურ კაპიტალადაც და ახლა უკვე მისი ამოცანაა საკუთარი შესაძლებლობები თბილისის მერის ამპლუაში გამოავლინოს, მოაწესრიგოს, დისციპლინას დაუქვემდებაროს ქალაქი და თბილისის ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით რადიკალურად გაზარდოს. კალაძე კაპიტანია, ანუ გუნდის ლიდერია და იმედი კი არ მაქვს, ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ, რომ მერის რანგშიც ღირსეული კაპიტანივით და გუნდის ლიდერივით გამოჩნდება“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

 

გიორგი კაპანაძე

Share