Home » ბიზნესი » თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო.

,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის ინჟინრების, ენერტგეტიკოსების და სხვა პროფესიულ კადრთა ნაკლებობაა. იძულებული ვართ, თანამშრომლებს ჩავუტაროთ ტრენინგები და ვასწავლოთ, რასაც დრო სჭირდება. საბედნიეროდ, არის თაობა, რომელიც ამას სწრაფად ითვისებს, მაგრამ მათი გადამზადება ცალკე საკმაოდ დიდი ხარჯია კომპანიებისთვის.

ის, რომ დასაქმების პრობლემა არსებობს ქვეყანაში, განათლების დაბალი დონის შედეგია. დღეს ბიზნესი გაცილებით მეტ ადამიანს დაასაქმებს, რომ მცოდნე კადრების დეფიციტს არ განვიცდიდეთ, ამ მხრივ დიდი პრობლემაა ქვეყანაში“, – აცხადებს ბიზნესმენი  ,,კომერსანტთან“ საუბარში.

იმისთვის, რომ შრომის ბაზარზე არსებული სიტუაცია გამოსწორდეს, თემურ ჭყონიას შეფასებით, ბიზნესგარემო უნდა გაუმჯობესდეს, რაც წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემაა საქართველოსთვის.

,,ბიზნესს არ სჭირდება დახმარება, მაგრამ მხარდაჭერა აუცილებელია იმისთვის, რომ ჯანსაღი ბიზნესგარემო არსებობდეს. ამის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია  სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა. სახელმწიფოს მხრიდან  დახმარება ბიზნესს არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თვითონ განვითარდეს და გაძლიერდეს. სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა პირობა,  რათა გაძლიერდეს სექტორი“, – უთხრა „კომერსანტს“ თემურ ჭყონიამ.

რაც შეეხება საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, აღსანიშნავია, რომ დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესია IT მიმართულებაა. დასაქმების სააგენტოების ინფორმაციით, დასახელებული ვაკანსიების უმეტესობა სწორედ IT  და მარკეტინგის სფეროს სპეციალისტებზეა. თუმცა, ყველაზე მეტად დასაქმება ტექნიკურ პერსონალს, სამედიცინო სფეროს სპეციალისტებს უჭირთ. ამ მიმართულებით დასაქმების სააგენტოებში ვაკანსიები ძალიან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი.

Hr.com.ge-ს ინფორმაციით, გამოცხადებული ვაკანსიების მიხედვით, მოთხოვნა ძირითადად საშუალო და დაბალ პოზიციებზე სჭარბობს.

როგორც აღმოჩნდა, დამსაქმებლის მხრიდან ძირითადი მოთხოვნა მაინც საშუალო და დაბალ პოზიციებზეა. რაც შეეხება მაღალ პოზიციებს, რეგისტრირებული მომხმარებლის უმეტესობას განაცხადების განმეორება ხშირად რამდენიმეჯერ უწევს, რაც  ნიშნავს, რომ კადრების მოძიება ამ მიმართულებით ჭირს.

commersant.ge

Share