Home » ბიზნესი » თემურ ჭყონია: ანტიკორუფციული სააგენტო საჭიროა, “ქართულ ჯიგრულ პონტში” რომ არაფერი გაკეთდეს

თემურ ჭყონია: ანტიკორუფციული სააგენტო საჭიროა, “ქართულ ჯიგრულ პონტში” რომ არაფერი გაკეთდეს

„ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა თუნდაც იმიტომაა საჭირო, რომ ქართულ ჯიგრულ პონტში არაფერი გაკეთდეს“, – ასე აფასებს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია ფრაქცია „ლელოს“ ინიციატივას ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ. ბიზნესმენი აცხადებს, რომ კორუფციის პრობლემა მეტ-ნაკლებად ყველა სახელმწიფოშია და გამონაკლისი არც საქართველოა.

მისი თქმით, კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის წევრებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ ინიციატორებს, რადგან ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა საზოგადოებრივი გადაწყვეტილებაა.

“ნუ მივაქცევთ ყურადღებას, ინიციატივით ვინ გამოდის, რადგან ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა ყველა სახელმწიფოსთვის აუცილებელია, არა მარტო საქართველოსთვის. კორუფციული გარიგებებისგან დაზღვეული არც ერთი სახელმწიფო არ არის. ლელო რა  ინიციატივითაც გამოდის, ჩავთვალოთ, რომ ეს არის საზოგადობრივი გადაწყვეტილება და არა პარტიული. სააგენტოს შექმნა საზოგადოებისთვისაა აუცილებელი და არა პარტიისათვის.

მმართველი გუნდი შეიძლება შეეწინააღმდეგოს ინიციატივას, რადგან კანონპროექტი ოპოზიციის მიერაა შემუშავებული. როგორც წესი, რაც არ უნდა ჭკვიანური და აქტუალური იყოს ინიციატივა, ოპოზიციის კანონპროექტს უმრავლესობა სამწუხაროდ ბლოკავს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ ეს საზოგადოებრივი დაკვეთაა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა იყოს კოალიციური მმართველობა, ზუსტად ამისთვისაა საჭირო. მოწინააღმდეგე რას ეწინააღმდეგება? რომ ანტიკორუფციული სააგენტო არ იყოს? ისმის კითხვა – არ არის კორუფცია სახელმწიფოში? რა თქმა უნდა, კორუფცია ჩვენთანაც რატომ არ უნდა იყოს? ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და იმიტომ თუ რა? ვერ წარმომიდგენია, ვის უშლის ხელს ეს სააგენტო, ან რატომ უნდა შეუშალოს?“, – აცხადებს თემურ ჭყონია.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი  მიიჩნევს, რომ კორუფცია არ არის მხოლოდ განვითარებისთვის ხელის შეშლა, თემურ ჭყონია თქმით, კორუფცია არის სახელმწიფოს ღალატი, ხოლო კორუმპირებული ადამიანი სახელმწიფოს მოღალატეა.

„კორუფცია ერთ ბიზნესს ავითარებს, ხოლო მეორეს, ხელმისაწვდომობის ნაკლებობის გამო, აზარალებს. თუმცა, კორუფცია შეიძლება გამოვლინდეს თანამდებობებზე დანიშვნისას, წახალისებაზე, სასამართლო სისტემაში. ამ საკითხზე უამრავ ბიზნესმენს ველაპარაკები, ყველა ფიქრობს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს არსებობა გამოიწვევს სიფრთხილეს, რაღაცების შეფერხებას. არ არ არის აუცილებელი ორგანოს სადამსჯელო ფუნქცია მივცეთ. თუ ეცოდინებათ, რომ კომისია ისეთივე წესებით მოქმედებს, რომელიც მთელს მსოფლიოში, რა თქმა უნდა კორუფციის დონე ნულამდე ვერ დავა, მაგრამ რისკებს ძალიან შეამცირებს. კორუფციული თემების გამოვლინება მარტო ჟურნალისტურ კვლევებზე რომ არ იყოს დამოკიდებული, აუცილებელია სააგენტოს შექმნა“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ბიზნესმენი ამბობს, რომ შეიძლება საკანონმდებლო ორგანოში ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას მხარი დაუჭირონ, თუმცა, მისი თქმით, უწყების ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია სააგენტო კვალიფიციური გუნდით დაკომპლექტ​დეს.

„სააგენტო პირველ რიგში დაკომპლექტებული უნდა იყოს სპეციალისტებით, რომლებიც თემაში ერკვევიან. მეორე რიგში ნდობის ფაქტორი უნდა იყოს ძალიან დიდი. სააგენტოს შექმნა ერთია, ხოლო შემადგენლობა მეორე. შეიძლება პარლამენტმა სააგენტოს შექმნას მხარი დაუჭიროს, მაგრამ  შემადგენლობის დამტკიცება არ იქნება იოლი.  უწყება ეფექტურად იმუშავებს, თუ იქნება პროფესიონალიზმი და წესიერება“, – ამბობს ბიზნესმენი.

ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ინიციატივით პარლამენტში ფრაქცია ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის  გამოვიდა. კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციული სააგენტო იქნება ორგანო, რომელიც შეისწავლის კორუფციის შესაძლო ფაქტებს. საკანონმდებლო ინიციატივით, უწყებას უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

commersant.ge

Share