Home » ფინანსები » ,,თელმიკომ“ დენის მომხმარებლებს გადახდის ვადა თვითნებურად შეუმცირა

,,თელმიკომ“ დენის მომხმარებლებს გადახდის ვადა თვითნებურად შეუმცირა

ელექტროენერგიის მოხმმარებლებს შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) საფასურის გადახდას სთხოვს ქვითრის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ვადების შემცირების საფუძვლად კი სემეკის დადგენილებას ასახელებს.

თუმცა, როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან ,,კომერსანტს“ აცნობეს, არაერთმა მოქალაქემ მიმართა მას თბილისში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხული საფასურის გადახდის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით. ასეთი გადაწყვეტილება კი, როგორც აღმოჩნდა, არ წარმოადგენს სემეკის შესაბამისი დადგენილების სწორ განმარტებას.

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2020 წლის 13 ნოემბრის N59 დადგენილების შესაბამისად, ელექტროენერგიის დარიცხული საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის  მიღებიდან (მომზადებიდან) 10 სამუშაო დღეზე ნაკლები.

ასევე, თუ ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადა ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებს ან დასვენების დღეებს – შაბათსა და კვირას, გადახდის ბოლო ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

წესების შესაბამისად, გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებისთვის დაწესებულია  შეღავათი და შეეხება იმ პირებს, რომლებიც განეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიებს:  პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში; მარტოხელა პენსიონერები; პირები, რომლებიც „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებენ საარსებო შემწეობას, რეინტეგრაციის შემწეობას ან სარგებლობენ სოციალური პაკეტით; პირები, რომლებიც სარგებლობენ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსით,  ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი/ნაშვილები.

ამ კატეგორიის მომხმარებლებს მომსახურების საფასურის გადასახდელად ელექტროენერგიის მიმწოდებელმა კომპანიამ უნდა განუსაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ორ კვირაზე ნაკლები.

თავის მხრივ, სტატუსით მოსარგებლე მომხმარებელმა, უნდა აცნობოს მიმწოდებელ კომპანიას აღნიშნულის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი“, – განმარატვენ სემეკში.

commersant.ge

Share