Home » ბიზნესი »  „თელასის“ თემურ ჭიჭინაძის ბრალდებებს პასუხობს
 „თელასის“ თემურ ჭიჭინაძის ბრალდებებს პასუხობს, მაგრამ სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის ხელშეკრულებები ისევ კონფიდენციალურია

 „თელასის“ თემურ ჭიჭინაძის ბრალდებებს პასუხობს

სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის ხელშეკრულებები ისევ კონფიდენციალურია

კომპანია „თელასი“ საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობას უარყოფს, სემეკში კი თავის მხრივ აცხადებენ, რომ კომპანიებთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციას მუდმივად ასაჯაროვებენ.

ენერგეტიკოსმა თემურ ჭიჭინაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ განაცხადა, რომ სამომხმარებლო ტარიფები ელექტროენერგიაზე ზედმეტად „გაბერილია“ და კომპანიები „ენერგო პრო ჯორჯია“ და „თელასი“ საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებენ.

„თელასს“ უნდა შეემცირებინა ტარიფი, როცა მისი საინვესტიციო პროგრამა დასრულდა, თუმცა არ შეამცირა“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

როგორც „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ფანცულაია განმარტავს, კომპანია ყოველ წელს, საინვესტიციო პროგრამით გაწერილ ვალდებულებებს ასრულებს.

„ჩვენ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ. ყოველწლიურად სემეკის მიერ საინვესტიციო გეგმა მტკიცდება. შესაბამისად, გეგმების შესრულებაც სემეკის მიერ, დადგენილი წესების შესაბამისად კონტროლდება. ეს ინფორმაცია, რომ ჩვენ რამეს არ ვასრულებთ, სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება ტარიფს, ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც რეგულირებას ექვემდებარება. სემეკი გვიდგენს წესებს და ამის შესაბამისად, ჩვენ ვაწვდით მათ ინფორმაციას, რა ხარჯები გაწია კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ სემეკი იღებს გადაწყვეტილებას. „თელასი“ ტარიფს არ ადგენს და შესაბამისად, ვერც მოუმატებს და ვერც შეამცირებს“, – განმარტა ვალერი ფანცულაიამ.

რაც შეეხება თემურ ჭიჭინაძის კიდევ ერთ განცხადებას, რომ კომპანია „თელასს“ 100–მეგავატიანი ჰესი უნდა აეშენებინა და არ ააშენა, ფანცულაია ასეთ ფაქტს უარყოფს: „100–მეგავატიან ჰესზე საუბარი ამ ეტაპზე საერთოდ არ არის. არც ეს ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს“.

გარდა იმისა, რომ ენერგეტიკოსმა თემურ ჭიჭინაძემ სხვადასხვა კომპანიები ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშუალა, მან ისიც აღნიშნა, რომ სემეკის სხდომებზე მხოლოდ ზედაპირული განხილვები ხდება.

თემურ ჭიჭინაძის საპასუხოდ, სემეკში აცხადებენ, რომ მათი განხილვები საჯარო და დეტალურია. ასევე, ამა თუ იმ კომპანიის საინვესტიციო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციასაც მუდმივად ასაჯაროვებენ.

„ტარიფს კომპანიებს ყოველწლიურად ჩვენ ვუდგენთ. მათ აქვთ საინვესტიციო ვალდებულბები იმ პროექტების შესახებ, რაც წლის განმავლობაში უნდა განახორციელონ. ამის შესახებ ინფორმაციას მუდამ ვასაჯაროვებთ და აქ დამალული არაფერია. ეს გაწეული ხარჯები ტარიფში აისახება. ამასთან, სხდომები საჯაროა, რომელზე დასწრებაც ყველას შეუძლია. დეტალურად განსახილველად გაგვაქვს ისეთი თემები, როგორიცაა, კომპანიის ფინანსური და ტექნიკური მონაცემები. ასევე ჩვენი ხედვა, შეფასებები, როგორ დგინდება ტარიფი, რას ვითვალისწინებთ. იმაზე საუბარი, რომ დეტალურად არ ხდება განხილვა, არასწორია“, – განუცხადეს „კომერსანტს“ სემეკში.

ამასთან, თემურ ჭიჭინაძემ ისიც აღნიშნა, რომ „ყველა იმ ხელშეკრულებას, რაც ენერგეტიკის სამინისტროს სხვადასხვა კომპანიასთან აქვს გაფორმებული, გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რაც უნდა მოიხსნას“.

„კომერსანტი“ საკითხზე ენერგეტიკის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები არის კონფიდენციალური და საჯარო დოკუმენტი ვერ გახდება: „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს კომპანიებთან: ,,თელასი“, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“, ასევე, სხვა კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმებული არ აქვს. აღნიშნულ კომპანიებს ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ საქართველოს მთავრობასთან. რაც შეეხება კონფიდენციალურობას, ხელშეკრულებაზე ხელმომწერ მხარეებს არ აქვთ უფლება ინდივიდუალური გადაწყვეტილებით საჯარო გახადონ ხელმოწერილი დოკუმენტი“.

წყარო: commersant.ge

Share