Home » ფინანსები » თებერვალში როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

თებერვალში როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 258.56 მლნ ლარით (0.68 პროცენტით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 38.43 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 186.87 მლნ ლარით, ანუ 1.11%-ით , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 71.69 მლნ ლარით, ანუ 0.34%-ით გაიზარდა.

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.38 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.81%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.62 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

2021 წლის თებერვლის განმავლობაში 1.00%-ით, ანუ 187.48 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 18.95 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.33 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.19 პროცენტული პუნქტით“, – ნათქვამია განცხადებაში.

Share