Home » საზოგადოება » თეა გოდოლაძის ცენტრი მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ მონაცემს არც საგანგებო სიტუაციების სამსახურს აწვდის, რაც შეგნებული მავნებლობაა – „ახალგაზრდა ადვოკატები“

თეა გოდოლაძის ცენტრი მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ მონაცემს არც საგანგებო სიტუაციების სამსახურს აწვდის, რაც შეგნებული მავნებლობაა – „ახალგაზრდა ადვოკატები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ მონაცემებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ აწვდის, რაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მოვალეობის შესრულებაზე, ცენტრის მხრიდან შეგნებული მავნებლობაა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურთან წარმოებული კომუნიკაციის შედეგად დგინდება, რომ სახელმწიფო დაწესებულება სეისმური მონაცემების დამუშავებას უშუალოდ არ ახორციელებს, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მაგნიტუდა 3-ს ზემოთ სეისმურ მონაცემებს კი, სწრაფი შეტყობინების სისტემის მეშვეობით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრისგან იღებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არის  შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებასა და სამოქალაქო უსაფრთხოების, ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას. თუმცა, იმის გამო, რომ სეისმური მონიტორინგის ცენტრის შეგნებული პოლიტიკის შედეგად, არც ერთ სახელმწიფო უწყებას მიწისძვრების შესახებ სრული ინფორმაცია არ გააჩნია, არც საქართველოს მთავრობას აქვს ერთიანი ხედვა და ეროვნული სტრატეგია სეისმური უსაფრთხოების საკითხებზე. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოვალეობების შესრულება და შესაბამისი მომზადება საზოგადოებრივი თავდაცვის საკითხებში, ფორმალურ ხასიათს იძენს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე არ გასცემს ცენტრში დაცულ ე.წ. საწყისს მონაცემთა ბაზაში დაცულ ინფორმაციას. შესაბამისად, მისი პოლიტიკა, როცა  არც სამეცნიერო წრეებსა და არც სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებზე არ გაიცემა მაგნიტუდა 3-ის  ქვემოთ არსებული მონაცემები, წარმოადგენს შეგნებულ მავნებლობას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს, სეისმური მონიტორინგის ცენტრმა შეცვალოს ეს მანკიერი პოლიტიკა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს სრულად მიაწოდოს მიწისძვრების შესახებ ყველა მონაცემი, რათა უწყებამ შეძლოს რისკებისა და მოსალოდნელი საფრთხეების დროული ანალიზი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებუილ განცხადებაში.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თემის სრულფასოვანი შესწავლა 2021 წლის ივლისში დაიწყო. ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას საკითხის ირგვლივ განახორციელოს სამოქალაქო ადვოკატირება, მათ შორის საერთო სასამართლოების გზით, თუკი სეისმური მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხი არ გადაწყდება დაინტერესებულ მხარეთა ურთიერთშეთანხმების გზით ან/და მთავრობის ჩარევის გარეშე.

 

Share