Home » საზოგადოება » თეა გოდოლაძის ცენტრი, გაუმჭვირვალობის და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის გამო, სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებს – არჩილ კაიაკაციშვილი

თეა გოდოლაძის ცენტრი, გაუმჭვირვალობის და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის გამო, სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებს – არჩილ კაიაკაციშვილი

„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“, რომელსაც თეა გოდოლაძე ხელმძღვანელობს, მომდევნო წლებში, სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებს“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყველა იმ უწყებამ, რომელიც პასუხისმგებელია გოდოლაძის ცენტრის მიზნობრივ დაფინანსებაზე.

„ფაქტია, სეისმური მონიტორინგის ცენტრი ვერ აკმაყოფილებს გამჭვირვალობის ელემენტარულ სტანდარტებსაც კი. ჩვენმა ორგანიზაციამ, მიუხედავად არაერთგზის ოფიციალური მოთხოვნისა, ვერ მიიღო კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორაა ათვისებული ცენტრის მიერ, საერთაშორისო პროექტებიდან, მიღებული 7 მილიონ ლარამდე რესურსი.

ჩვენ ვერც ილიუნის ადმინისტრაციისგან მივიღეთ დღემდე ინფორმაცია უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ცენტრის შემოწმების შედეგების შესახებ. ეს გვაფიქრებინებს, რომ მსგავსი შემოწმება ბოლო 10 წელიწადში საერთოდ არც არის ჩატარებული. ილიაუნი არც ამის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას“, – აღნიშნა კაიკაციშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ ორგანიზაცია იზრუნებს იმაზედ, რომ თეა გოდოლაძის ცენტრმა, მანამ, სანამ იგი არ გამოასწორებს არსებულ ვითარებას გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ვერ მიიღოს დაფინანსება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„ჩვენ გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ისე ფინანსთა სამინისტროსთან და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან და ვეცდებით მივაღწიოთ იმ ვითარებას, რომ თეა გოდოლაძის დაქვემდებარებაში მყოფმა  ცენტრმა ჯერ უზრუნველყოს ანგარიშგების დადგენილი სტანდარტებით მუშაობა და მხოლოდ ამის შემდეგ დადგეს საკითხი მისთვის 2022 წლის საბიუჯეტო დაფინანსების ხელმისაწვდომობის შესახებ“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

Share