Home » საზოგადოება » თეა გოდოლაძის სეისმური მონიტორინგის ცენტრი საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურაა – ახალგაზრდა ადვოკატები

თეა გოდოლაძის სეისმური მონიტორინგის ცენტრი საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურაა – ახალგაზრდა ადვოკატები

„თეა გოდოლაძის სეისმური მონიტორინგის ცენტრი საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურაა. ის კომუნიკაციის ყველა ეტაპზე ცდილობს თავი აარიდოს ჩვენს მიერ დასმულ კონკრეტულ მნიშვნელოვან კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს და ამ გზით კვლავ ჩრდილში დატოვოს მისდამი დაქვემდებარებული ცენტრის, როგორც სამეცნიერო, ისე ფინანსური საქმიანობის დეტალები“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იკვეთება, რომ თეა გოდოლაძე საავტორო უფლებებზე აპელირებით ცდილობს პრაქტიკულად ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვას.

„ცენტრი ცდილობს ისეთი ხასიათის ინფორმაციის დამალვას, რომელიც შეიცავს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ურთიერთობის ფინანსურ შინაარსს და რომლის შესახებაც ანგარიშგება პრაქტიკულად არ არსებობს. ჯამურად, საუბარია 7 მილიონი ლარის პროექტებზე“, – აღნიშნა კაიკაციშვილმა.

მისი განმარტებით, გოდოლაძე ყოველთვის აბუნდოვანებს და გაურკვეველს ხდის, არის თუ არა მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია საჯარო.

„მე წარმოგიდგენთ წარმოგიდგენთ გოდოლაძისადმი მიმართულ ჩვენს ერთ-ერთ კითხვას და მიღებულ პასუხს და დასკვნა თავად გამოიტანეთ:

კითხვა: განეკუთვნება თუ არა მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას?

პასუხი: ინფორმაცია მიწისძვრების ხდომილების შესახებ არის საჯარო და ის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე, თუ ის არ წარმოადგენს, კონკრეტულად, რომელიმე პროექტის ფარგლებში მოპოვებულ მასალას.

ანუ, გამოდის, რომ ერთის მხრივ, თეა გოდოლაძე გვეუბნება, რომ მიწისძვრების ხდომილების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და მისი ნახვა შესაძლებელია ცენტრის ვებგვერდზე. და, იქვე აღნიშნავს, რომ ასეა, თუ ინფორმაცია არ წარმოადგენს რომელიმე პროექტის ფარგლებში მოპოვებულ მასალას…

აბსოლუტურად გაუგებარია, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება რომელიმე პროექტის ფარგლებში ექცეოდეს ინფორმაცია მიწისძვრების ხდომილების შესახებ. ანუ, მოხდა თუ არა მიწისძვრა, როდის მოხდა, სად მოხდა და რა სიმძლავრის იყო ის?!. ეს ეხება, როგორც მაგნიტუდა 3-ის ზემოთ, ისე მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ მომხდარ ბიძგებს. და ამ ინფორმაციას თეა გოდოლაძე ხან გასცემს, ხან არა, საკუთარი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ…

ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“, თეა გოდოლაძის უკვე ლამის 10 წლიანი ხელმძღვანელობის პირობებში, ჩამოყალიბდა, როგორც ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურა საქართველოში“, – აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ სეისმურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის მიზნით ახორციელებს საკითხზე სამოქალაქო ადვოკატირებას. ორგანიზაციის მოთხოვნაა, ხელმისაწვდომი და ღია გახდეს საქართველოში მიწისძვრის სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრის ჩათვლით), შეიქმნას ერთიანი ეროვნული სტრატეგია სეისმური მონაცემების შესახებ და მეცნიერების სასარგებლოდ გადაიჭრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრის მხრიდან შექმნილი ხელოვნური პრობლემები.

ირკვევა, რომ დაწესებულება უარს ამბობს გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სეისმური მონაცემები მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ საქართველოს ტერიტორიისთვის.

commersant.ge

Share