Home » საზოგადოება » თეა გოდოლაძის ქმედებებზე “ახალგაზრდა ადვოკატები“ სეისმური მონიტორინგის ცენტრის საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას გეგმავენ

თეა გოდოლაძის ქმედებებზე “ახალგაზრდა ადვოკატები“ სეისმური მონიტორინგის ცენტრის საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას გეგმავენ

„ვგეგმავთ, თეა გოდოლაძის ქმედებებზე სეისმური მონიტორინგის ცენტრის საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება მოვახდინოთ. დარწმუნებული ვართ, ამით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს ცენტრის წინაშე მდგარი ამოცანებისა და გამოწვევების სწორად გადაჭრას, რადგან მისი ხელმძღვანელის გაუმჭვირვალობის ხარისხი ყველა ლოგიკურ ზღვარს არის გაცდენილი“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სეისმური მონიტორინგის ცენტრი, გოდოლაძის ხელმძღვანელობის 10 წლიან პერიოდში, საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურად ჩამოყალიბდა.

„თეა გოდოლაძე თავს უფლებას აძლევს და მსხვილი საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის თაობაზე, მათ შორის, პროექტების ფინანსური გამჭვირვალობის თვალსაზრისით, არ ახდენს ანგარიშგებას საზოგადოების წინაშე. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საერთაშორისო  პარტნიორები საკუთრივ თეა გოდოლაძესთან ამყარებენ სტრუქტურულ და ფინანსურ თანამშრომლობას და არა დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრთან, რომელიც, თავის მხრივ, ილიაუნის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს და ისევე ექვემდებარება საჯაროობის დადგენილ ნორმებს, როგორც ნებისმიერი სხვა საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულება საქართველოში“, – აღნიშნა კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ორგანიზაცია უახლოეს პერიოდში გეგმავს დეტალურად ჩააყენოს საქმის კურსში სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო პარტნიორები გაუმჭვირვალობის იმ მაღალი ხარისხის თაობაზე, რითაც, სამწუხაროდ, აღნიშნული ცენტრი ქართულ სამეცნიერო-კვლევით ბაზარზე, უკვე ბევრი წელია, გამოირჩევა.

ცნობისთვის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში მეცნიერებისთვის გამოყოფილი რეკორდული დაფინანსების მქონე პროექტების მიმდინარეობის და მათი ფინანსური ანგარიშგების თაობაზე.

საუბარია, უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) მიერ ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრისთვის დამტკიცებულ პროექტების –   # P692 – „დიდი კავკასიონის აზევება და სეისმური სტრუქტურა“ და  #P750  “სეისმური ქსელის გაფართოება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ შესახებ, რომელთა დაფინანსებამაც ჯამურად  7 მილიონ ლარს აღწევს.

Share