Home » საზოგადოება » თეა გოდოლაძე მისაბაძ მაგალითად რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს ასახელებს

თეა გოდოლაძე მისაბაძ მაგალითად რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს ასახელებს

„სომხეთის ქსელი დახურულია, აზერბაიჯანის ქსელი დახურულია, რუსეთის ქსელი დახურულია. თურქეთის ქსელი დახურულია“, – ამის შესახებ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საინფორმაციო სააგენტო „აიპრესთან“ საუბრისას აღნიშნა.

საუბარში, რომლის სრული აუდიოჩანაწერიც „აიპრესმა“ დღეს გამოაქვეყნა, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არის საქართველოში სეისმური მონაცემების გარკვეული ნაწილი ხელმიუწვდომელი, გოდოლაძე პასუხობს, რომ ამგვარი პრაქტიკა არსებობს რუსეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთში.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მაგალითად, იაპონიაში ეს მონაცემები სრულიად ღიაა, გოდოლაძე პასუხობს, რომ იაპონიაშიც და შეერთებულ შტატებშიც მონაცემების მხოლოდ ნაწილია ღია.

აღნიშნული საუბრის აუდიოჩანაწერის სრულად გამოქვეყნების გადაწყვეტილება „აიპრესმა“ მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალური ქსელით გოდოლაძემ აღნიშნა, რომ ამ სააგენტოს და მის არცერთ ჟურნალისტს არ იცნობს და რომ მათ მისთვის ინტერვიუ არ ჩამოურთმევიათ. ოდნავ მოგვიანებით, მან განმარტა, რომ საინფორმაციო სააგენტომ მისი ინტერვიუ სხვა სტატიის მომზადებისას გამოიყენა.

ეს ფაქტი გოდოლაძემ მიუღებლად მიიჩნია. მან ასევე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ სააგენტოს მიერ მისი ინტერვიუს გამოყენებით განთავსებული მასალა არის სისულელე, ტყუილი და დაკვეთით მომზადებული.

როგორც „აიპრესის“ მიერ გამოქვეყნებული დღევანდელი გამოხმაურებიდან ირკვევა, სააგენტო მზადაა, საკუთარი პროფესიული ღირსება და რეპუტაცია, რომელიც თეა გოდოლაძემ შელახა, სასამართლოს გზით დაიცვას.

 

 

Share