Home » საზოგადოება » თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება

თბილისის ტერიტორიაზე მოკლა მანძილზე მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” ავრცელებს:

“როგორც მოგეხსენებათ არის კერძო კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით მგზავრთა გადაყვანას 2011 წლიდან უზრუნველყოფს. კომპანიის კუთვნილ ორიათასამდე მიკროავტობუსზე დასაქმებულია სამიათასამდე მძღოლი, მთლიანად “თბილისის მიკროავტობუსში” ამჟამად ოთხიათასამდე ადამიანი მუშაობს.

კომპანიაში ინტენსიური პერიოდულობით მუდმივად მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება: დაზიანებული მიკროავტობუსების შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება. გარდა ამისა “თბილისის მიკროავტობუსი” ითვალისწინებს მძღოლების ინტერესებსაც და მიუხედავად იმისა, რომ მძღოლსა და კომპანიას შორის არსებული კონტრაქტით სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა მძღოლების მოვალეობაა, მიკროავტობუსის ტექნიკურ სერვისს, რომელიც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული,კომპანია საკუთარ თავზე იღებს. ყოველწლიურად, “თბილისის მიკროავტობუსი”, ისეთი ტექნიკური სამუშაოებისთვის როგორიცაა, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში დაზიანებული იატაკის ან სავარძლების შეცვლა, კონდენცირების სისტემაში გაუმართაობის აღმოფხვრა და ა.შ. რამდენიმე ასეულ ათას ლარს ხარჯავს.

“თბილისის მიკროავტობუსმა” მგზავრთა გადაყვანის სატარიფო პოლიტიკა ბაზარზე შემოსვლისას 2011 წლისთვის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ რეალობას მოარგო, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ მძიმე რყევები განიცადა, რაც აისახა ყველა იმ პროდუქტზე ფასის მატებით, რომელიც ესაჭიროება მგზავრთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას, კომპანიამ თითქმის ექვსი წლის განმავლობაში სატარიფო პოლიტიკა უცვლელი დატოვა.

“თბილისის მიკროავტობუსი” მუდმივად ითვალისწინებს საკუთარი მომხმარებლების ინტერესებს, შესაბამისად იმისთვის, რომ კომპანიის მენეჯმენტმა უზრუნველყოს ბიზნესის გამართულად მუშაობა, გაუმჯობესდეს მგზავრთა გადაყვანის პირობები, მუდმივად გაგრძელდეს ავტოპარკის განახლება და დაცული იყოს კომპანიის ოთხიათასამდე თანამშრომლის შრომითი უფლებები, გადაწყდა მიკროავტობუსით მგზავრობის ძირითადი ტარიფი 0.80 ლარი იყოს შენარჩუნებული, ხოლო მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური გაუთანაბრდეს მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს: 0.40 ლარი გაიზარდოს 0.10 ლარით და 2017 წლის 8 მარტიდან გახდეს 0.50 ლარი”.

Share