Home » ეკონომიკა » თბილისში პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების პირველი საწარმო გაიხსნა

თბილისში პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების პირველი საწარმო გაიხსნა

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კიდევ ერთი ახალი ქართული საწარმო იწყებს წარმოებას, რომელშიც 2 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საწარმო „კომპავა ჯორჯიას“ დათვალიერებისას განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამიერკავკასიის მასშტაბით პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების პირველი საწარმო თბილისში ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, შპს ,,კომპავა ჯორჯიამ“ სრულიად ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმო შექმნა. კომპანია პროტეინებს, ამინომჟავებს, ვიტამინების კომპლექსებსა და სხვა საკვებ დანამატებს აწარმოებს.

„სახელმწიფოს მხარდაჭერით კიდევ ერთი საწარმო იწყებს მუშაობს, რომელიც საკვები დანამატების წარმოებას მოახდენს. კომპანიას კარგი გეგმები აქვს და უახლოეს პერიოდში საკუთარი ნაწარმის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს, პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებში, შემდეგი კი ახალი ბაზრების მოძიებასაც დაიწყებს. იმედი მაქვს, „კომპავა ჯორჯია“ მალე გაზრდის გაყიდვებას, რასაც მოყვება წარმოების სიმძლავრისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომპანია „კომპავა ჯორჯიაში“ პროდუქტის დაფასოება 300 გრამიდან 5 კგ-მდე ქილებში ხდება, წარმოების მოცულობა კი წლიურად 40 ტონა საკვები დანამატია. შპს ,,კომპავა ჯორჯია“ სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიაში ამ ეტაპზე 20 ადამიანია დასაქმებული.

აღსანიშნავია რომ, კომპანია წარმოადგენს აღნიშნულ სფეროში სლოვაკური წამყვანი ბრენდის კომპავას ფრენჩაიზს.

საწარმო ასევე სარგებლობს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ქონების კომპონენტით, რაც მეწარმისთვის გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით სახელმწიფო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას გულისხმობს.

Share