Home » საზოგადოება » თბილისში, 100 000 ავტომობილი დღეში 1,5 კმ-ზე ნაკლებ მანძილს გადის – ვიქტორ წილოსანი

თბილისში, 100 000 ავტომობილი დღეში 1,5 კმ-ზე ნაკლებ მანძილს გადის – ვიქტორ წილოსანი

თბილისში, 100 000 ავტომობილი დღეში 1,5 კმ-ზე ნაკლებ მანძილს გადის, – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქზე“ წერს.

„1. პარკირება წარმოადგენს კერძო ავტომობილით გადაადგილების წახალისებას. უკლებლივ ყველა განვითარებულ ქალაქში ისეთ არეალებში სადაც მაღალი მობილობაა:
-პარკირება ხდება ფასიანი,
– საერთოდ უქმდება,
– საერთოდ იკრძალება კერძო ავტომობილით გადაადგილება და დაშვებულია მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით,
– საერთოდ იკრძალება ყველანაირი ტრანსპორტი და დაშვებულია მხოლოდ ფეხით ან არა-მოტორიზირებული ტრანსპორტით.

მარტივი ანალიზის უნარი არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ თუ ბევრი პარკირების ადგილი გვექნება, უფრო მეტ ადამიანს მოუნდება ავტომობილით გადაადგილება და კიდევ უფრო მეტი საცობი შეიქმნება ქალაქში.

2. თბილისში დღეის მდგომარეობით 600 000 ავტომობილია, რაც დაახლოებით მოსახლეობის 45%-ია და მოტორიზაციის (კვირაში 5 დღე ან მეტი ავტომობილის გამოყენება) კოეფიციენტიც თითქმის იგივეა. ევროპის ქალაქების ავტომობილის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 70%-ია, მაგრამ მოტორიზაციის კოეფიციენტი შეადგენს 8%. ანუ, ადამიანები გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არა-მოტორიზირებული ტრანსპორტით ან ფეხით.

მნიშვნელოვანია ისიც რომ 600 000 ავტომობილიდან:
– 100 000 ავტომობილი დღეში გადაადგილდება 1,5 კმ -ზე ნაკლებს ანუ მაქსიმუმ 750 მეტრის დასაფარად იყენებს ავტომობილს.
– 500 000 ავტომობილი არის 10 წელზე მეტის, ხოლო 300 000 ავტომობილზე მეტი არის 20 წელზე მეტის, ანუ ერთი მხრივ გვყავს ადამიანები, რომლებიც მცირე მანძილის დასაფარად იყენებენ ავტომობილს, ხოლო მეორე მხრივ 300 000 ადამიანი რომელიც, იმიტომ, რომ დედაქალაქში არ არსებობდა მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იძულებულია შეიძინოს ძველი ავტომობილი. ყოველთვიურად დახარჯოს უფრო მეტი მის საწვავში, მოვლა პატრონობაში ვიდრე იმგზავროს 50 თეთრად.

3. თბილისის მუნიციპალიტეტის ამ ადმინისტრაციის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებისთვის დაიხარჯა ერთ მილიარდზე მეტი და სრულად ჩანაცვლდა არსებული ძველი უვარგისი ავტობუსები და წლის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდება მიკროავტობუსებიც. გაიზარდა როგორც დაფარვის არეალი, ისე მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობა.

ამასთან დაგეგმილია დამატებით 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად დარჩენილია ბოლო ეტაპი, მათი აჩქარება რაც მათთვის გამოყოფილი ზოლების შექმნას გულისხმობს, რისთვისაც 2020 წელს 20 კმ ასეთი ზოლი შეიქმნა (ჭავჭავაძის გამზირი ამ მაჩვენებლის მხოლოდ ერთი მეათედია) და 2021 წელს დაგეგმილია 60 კმ ასეთი დერეფნის შექმნა. 2023 წელს აღნიშნული პროცესი სრულად დასრულდება (ჯამში 190 კმ.).

4. ყოველწლიურად დედაქალაქში 1 000 000 კვადრატულ მეტრ უძრავ ქონებაზე არის მოთხოვნა. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, რომ სადაც მაღალი მიზიდულობის ცენტრებია ზუსტად იმ ადგილებში დაუშვას მაღალი განაშენიანება, რითაც ერთი მხრივ დააკმაყოფილებს საჯარო ინტერესს უძრავ ქონებაზე და მეორე მხრივ შეუქმნის სწორ გარემოს დეველოპერს/ინვესტორს.

ასევე სამწუხარო რეალობაა ის, რომ აქამდე არ არსებობდა ქუჩის პარამეტრის ნორმატიული ბაზა და ნებისმიერ ადგილას, სადაც სამანქანე გზა არსებობდა დაშვებული იყო ნებისმიერი ტიპის მშენებლობა. სწორედ ამ ადმინისტრაციის პირობებში მოხდა ამის დარეგულირება და ნებისმიერი მოქალაქე, ნებისმიერი ტიპის მშენებლობის დროს ვალდებულია გაითვალისწინოს გზის პარამეტრი, მათ შორის ტროტუარი და თუ გზა არ იძლევა ამის შესაძლებლობას, დათმოს თავისი საკუთრების ხარჯზე მშენებლობის უფლების მისაღებად“, – წერს ვიქტორ წილოსანი.

Share