Home » ბიზნესი » „თანაინვესტირების ფონდის” შვილობილი ,,ჰაიდელბერგი” კონკურენტების ჩაძირვას და ბაზრის სრულ მონოპოლიზებას გეგმავს
„თანაინვესტირების ფონდის” შვილობილი ,,ჰაიდელბერგი” კონკურენტების ჩაძირვას და ბაზრის სრულ მონოპოლიზებას გეგმავს

„თანაინვესტირების ფონდის” შვილობილი ,,ჰაიდელბერგი” კონკურენტების ჩაძირვას და ბაზრის სრულ მონოპოლიზებას გეგმავს

,,ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია”, საქართველოში ყველაზე მსხვილი ცემენტის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის აქტივები მოიცავს 3 ცემენტის ინტეგრირებულ ქარხანას, 13 ბეტონის, 2 ინერტული მასალების აგრეგატის, 1 ცემენტის ტერმინალისა და 1 ცემენტის საფქვავ ქარხანას. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მფლობელი ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი იყო, რომელმაც კომპანიის 50%-იანი წილი გაყიდა და იგი საქართველოს „თანაინვესტირების ფონდმა” და „ჰანიველ პარტნერსმა” ერთობლივად შეიძინეს – გარიგების სავარაუდო თანხად 115 მილიონი ევრო დასახელდა.

,,თანაინვესტირების ფონდი” და ირაკლი რუხაძე – ,,ჰაიდელბერგის” ახალი მფლობელები

საინტერესოა კომპანიის ახალი მფლობელების შესახებ ინფორმაცია. ერთ-ერთი მათგანი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, ,,თანაინვესტირების ფონდია”, რომელიც 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა. ფონდის გაცხადებული კაპიტალი $6 მილიარდს შეადგენს, დღეისთვის კი მისი საინვესტიციო პორტფელის მოცულობა $2.1 მილიარდია. რაც შეეხება Hunnewell Partners, იგი კერძო კაპიტალისა და აქტივების მართვის საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც სხვა ინვესტორთა ქონებასთან ერთად, ძირითადად, პატარკაციშვილების ოჯახის აქტივებს განკარგავს.

საქართველოში ,,ჰანიველი” ფლობს წილს რამდენიმე მსხვილ კომპანიაში, მათ შორის: ,,ლიბერთი ბანკში”, ,,მაგთიკომში”, ,,ბორჯომში”, ტელეკომპანია ,,იმედში”, ასევე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ მის უკან პატარკაციშვილების ბიზნესის მმართველი ირაკლი რუხაძე დგას.

კასპის მთების ,,ოკუპაცია”

ცემენტის მისაღებად აუცილებელია კლინკერი, რომელიც კასპის მთებზე არსებული კირქვის გადამუშავების შედეგად მიიღება. აღსანიშნავია, რომ კლინკერის წარმოებას საქართველოში მხოლოდ ,,ჰაიდელბერგი” ახერხებს საკუთარ ქარხანაში, დანარჩენი სხვა ქვეყნებიდან, უმეტეს შემთხვევაში აზერბაიჯანიდან შემოდის. რაც შეეხება კასპში არსებულ მთებს, ის სრულად ,,ჰაიდელბერგის” საკუთრებაა და მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ყველა მათგანიდან არ მოიპოვებს კირქვას, ისინი რამდენიმეწლიანი იჯარით აღებული აქვს სახელმწიფოსგან, რათა ხელი შეუშალოს ბაზარზე კონკურენტების გაჩენას.

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა გადაწყვიტა სენაკში კირქვის მოპოვება და ცემენტის ქარხნის ამოქმედება, თუმცა ხელისუფლებასთან გარკვეული დაპირისპირების თუ მისი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნული პროექტი ვერ შედგა და ,,ჰაიდელბერგის” ერთპიროვნულად განაგრძობს ბაზრის მონოპოლიზებას.

ბაზრის 70%-იანი წილის მფლობელი კონკურენტების წინააღმდეგ

,,ჰაიდელბერგ ცემენტი~ ბაზრის 70%-ს ფლობს. 2017 წელს საქართველოში, დაახლოებით, 2.2 მილიონი ტონა ცემენტი გაიყიდა, საიდანაც 1.6 ტონა სწორედ ,,ჰაიდელბერგმა” გაყიდა. გარდა იმისა, რომ კომპანია ბაზარზე ერთპიროვნული ლიდერია, სხვა წვრილი კონკურენტებიც ცემენტის მისაღებად ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტს, კლინკერს სწორედ მისგან ყიდულობენ, ვინაიდან სხვა ქვეყნებიდან ძალიან მცირე რაოდენობით შემოდის, ხოლო საქართველოში არსებულ სიტუაციაზე უკვე გავამახვილეთ ყურადღება.

ბაზარზე მოხვედრილი ცემენტი, კლინკერისა და ღორღის შერევის შედეგად მიიღება. ,,ჰაიდელბერგი” 450-460 მარკიან კლინკერს – დაახლოებით, 177 ლარად ჰყიდის კონკურენტებს, ხოლო უკვე საბოლოო სახით 400 მარკიანი ცემენტი – დაახლოებით, 158 ლარად გამოაქვს ბაზარზე. თანხებს შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ ბაზარზე არსებული წვრილი კონკურენტები ვეღარ ახერხებენ ,,ჰაიდელბერგისგან” მაღალ ფასად ნაყიდი კლინკერის შედეგად მიღებული ცემენტის გაყიდვას კონკურენტულ ფასად. ბევრი მათგანი ბაზრიდან ქრება ან მცირე რესურსებით ახერხებენ არსებობას.

გამოსავალი, რომელიც არ ჩანს

გამოსავალი ფაქტობრივად არ არსებობს, ვინაიდან კასპის მთები ,,ჰაიდელბერგის” ხელშია. მიუხედავდ იმისა, რომ მათი სრულად ფლობის საჭიროება არ გააჩნია კომპანიას. აქვე აღსანიშნავია სახელმწიფოს დამოკიდებულებაც, რომელიც გამოუყენებელ რესურსში მიზერულ თანხას ახდევინებს კომპანიას. კლინკერის წარმოებასაც მხოლოდ ,,ჰაიდელბერგი” ახერხებს და რეალურზე საკმაოდ მაღალ ფასად ჰყიდის კონკურენტებს, სხვა ქვეყნებიდანაც საკმაოდ მცირე რაოდენობით შემოდის იგი, რაც ადგილობრივ ბაზარს ვერ აკმაყოფილებს.

და რაც ყველაზე ცუდია, მცირე ცემენტის მწარმოებელი კომპანიებისგან ხშირად არის საუბარი იმის შესახებ, რომ მათ ფინანსური პოლიცია ხშირად, გამიზნულად ამოწმებს და არარეალურ ჯარიმებსაც უწერს. თუკი გავითვალისწინებთ ,,ჰაიდელბერგის” ახლანდელი მფლობელების ვინაობასაც, არაა გამორიცხული, რომ კომპანიას კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს ხელისუფლების მხრიდან, რაც ცემენტის ბაზარს რთულ ვითარებაში ჩააგდებს და მის სრულ მონოპოლიზებას გამოიწვევს.

გიორგი კაპანაძე

Share