Home » ეკონომიკა » თამბაქოს აქციზიდან მთავრობამ დაგეგმილზე 60 მლნ ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო
თამბაქოს აქციზიდან მთავრობამ დაგეგმილზე 60 მლნ ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო

თამბაქოს აქციზიდან მთავრობამ დაგეგმილზე 60 მლნ ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო

2017 წლის ბიუჯეტის 9 თვის საშემოსავლო ნაწილში, მთავრობამ 200 მლნ ლარით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე ამას პროექტის მიხედვით ელოდა. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის მსვლელობისას განაცხადა.

“ჩვენ მიმიდინარე წლის 9 თვის მდგომარეობით, გადაჭარბებით გვაქვს შესრულებული შემოსავლების ნაწილი, მათ შორის აღსანიშნავია საგადასახადო შემოსავლები, სადაც დაახლოებით 200 მილიონი ლარით გვაქვს გადაჭარბება. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები 9 თვის გეგმასთან მიმართებაში 95.9%-ია, წლიურ გეგმასთან მიმართებაში კი, თითქმის 75%, რაც ნიშნავს, რომ კვარტლების მიხედვით ხდება მაქსიმალურად გათანაბრებული ხარჯვა”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

2017 წელს 2016 წელთნ შედარებით საგადასახადო შემოსავლების ზრდა 8.6%-ით არის დაგეგმილი. რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი არც არის, ეკონომიკური ზრდის და განვითარების გათვალისიწინებით აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველი იანვრიდან აქციზის გადასახადი რამდენიმე პროდუქტზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, აქციზის გადასახადი გაორმაგდა ბენზინზე და თითქმის გასამმაგდა დიზელზე. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა აქციზის განაკვეთი თამბაქოზე, უფრო კონკრეტულად, 2017 წლის პირველი იანვრიდან 1 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტზე აქციზი 60 თეთრით გაიზარდა.

სწორედ აღნიშნული ცვლილებების შემდეგ ელოდა მთავრობა შემოსავლების ნაწილში მნიშვნელოვან ზრდას, წინა წელთან შედარებით. თუმცა, მთავრობის ოპტიმიზმი ყველა მიმართულებით არ გამართლდა. თუ 2016 წლის პირველ 7 თვეში მხოლოდ ბენზინიდან ბიუჯეტმა 63 მილიონ 216 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო, 2017 წლის 7 თვეში ეს რიცხვი, 133 მილიონ 758 ათასი ლარამდე გაიზარდა. მაშინ როდესაც, თუ 2016 წლის 7 თვეში თამბაქოს იმპორტიდან მიღებულმა აქციზის შემოსავალმა 494 მლნ ლარს მიაღწია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 322 მლნ ლარს არ აღემატებოდა.

თამბაქოს აქციზიდან მსგავს დანაკლისს კაკაურიძე მოხმარების შემცირებით ხსნის. როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, 15 %-ით შემცირდა თამბაქოს მოხმარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

“თამბაქოზე 2018 წლის ბიუჯეტის განხილვის დროსაც ვისაუბრეთ. დაგეგმილთან შედარებით შემოსავალი ორი ძირითადი ფაქტორის გამო შემცირდა. ერთი არის, რომ კომპანიების არსებული მარაგი შემცირდა. ეს მარაგი მათ გასული წლის აქციზის განაკვეთებით შემოიტანეს, რომელიც გაიყიდა, თუმცა ახალი პროდუქციის იმპორტირება არ მომხდარა. იმპორტი 30 მილიონი კოლოფით შემცირდა, რამაც დაახლოებით 60 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი მოგვიტანა. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, თამბაქოს მოხმარება იმაზე ნაკლებია, ვიდრე პროგნოზირებული იყო. 8 % იყო პროგნოზირებული. 9 თვის მდგომარეობით, შემცირებულია 15%-ით. შესაბამისად, ამანაც გამოიწვია დანაკლისი”, – მიიჩნევს კაკაურიძე.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ ეკონომისტებს, აფბას ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი შავი ბაზრის გააქტიურებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებული რეალობა სავსებით მოსალოდნელი იყო და ხელისუფლებამ უბრალოდ ვერ გათვალა საფრთხეები.

“რაც შეეხება ერთწლიან მარაგს, ეს სრული აბსურდია. ერთწლიანი მარაგი არცერთ კომპანიას არ შემოაქვს ქვეყანაში, ვიანაიდან ეს სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს, ყველამ კარგად ვიცით ლარის არასტაბილურობის შესახებაც. რაც შეეხება მოხმარების შემცირებას, მე არ მესმის საიდან მოაქვთ მთავრობის წევრებს ეს რიცხვები იმდენად, რამდენადაც მწეველთა რაოდენობის აღრიცხვა ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ჩატარებულა და ამ მიმართულებით, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ერთადერთი ინდიკატორი რის საფუძველზეც შეგვიძლია ვისაუბროთ მწეველთა რაოდენობაზე, არის იმპორტირებული თამბაქოს რაოდენობა. თუმცა, არც ეს მონაცემი იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს, მე მახსოვს ფინანსთა მინისტრის განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ თამბაქოს მოხმარება 2013 წლიდან დღემდე 25 %-ით იყო შემცირებული. თუ გადავხედავთ მონაცემებს საკმაოდ განსხვავებულ სურათს დავინახავთ. მაგალითად, თუ 2013 წელს ქვეყანაში 95 მლნ დოლარის სიგარეტი შემოვიდა 2014 წელს ეს რიცხვი 115 მლნ დოლარს აჭარბებდა.

მცირედი კლება ფიქსირდება 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, უფრო კონკრეტულად 2016 წელს 1.6 % -ით ნაკლები ღირებულების თამბაქო შემოვიდა ქვეყანაში. ცხადია ეს რიცხვი 25 %-თან ახლოსაც არ არის, როგორც ეს ფინანსთა მინისტრის განცხადებაშია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ იმპორტირებული თამბაქოს ხარჯზე ვცდილობთ მწეველთა რაოდენობის განსაზღვრას, ბაზარზე არ იყოს კონტრაბანდის მაღალი მაჩვენებელი. ჩვენთან კი კანტრაბანდის დონე წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 40 – ჯერ არის მომატებული. მე არაერთხელ მითქვამს, რომ აქციზის მსგავსი დოზით ზრდა, მით უმეტეს დროის ასეთ მოკლე პერიოდში მრავალი რისკის მატარებელი იყო და არც მოხმარებასთან იყო პირდაპირ კორელაციაში”, – აცხადებს ბაირახტარი.

განსხვავებული მოსაზრება აქვს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს, რომელიც აქციზის კიდევ უფრო ზრდას აანონსებს და აღნიშნავს, რომ თამბაქოზე ფასის ზრდამ მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე პოზიტიურად იმუშავა.

“საუბარია მოხმარების შემცირებაზე. ჩვენი გათვლებით, აქციზის ფასის ყოველი 10%-ით მატება იწვევს 5-8%_ით მოხმარების შემცირებას. თუ ადრე ადამიანი 20 ღერს ეწეოდა, ახლა მოწევს 8-9 ღერს. ჩვენს შემთხვევაში მოწევის 15%-იანი შემცირება იმიტომ მოხდა, რომ დაახლოებით 30%-ით მოიმატა აქციზმა. მწეველთა რაოდნობა შესაძლოა ბევრით არ მცირდება, თუმცა თითოეული მწეველი სულ უფრო ნაკლებს ეწევა ფასის გამო”, – აცხადებს ზოიძე.

აქვე აღსანიშნავია, რომ თამბაქოს დაბეგვრის მიმართულებით საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებებიც. კერძოდ, თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციის შესაბამისად რომელზეც საქართველო მიერთებულია 2006 წლიდან, ქვეყნებმა უნდა განახორციელონ საგადასახადო პოლიტიკა თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად (გაერო, 2003 წლის 21 მაისი).მეორეს მხრივ ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ აიღო ვალდებულება დანერგოს ევროკავშირის 2011 წლის 21 ივნისის 2011/64/EU დირექტივა (წარმოებული თამბაქოს აქციზის გადასახადის სტრუქტურისა და განაკვეთების შესახებ). დირექტივის მე-10 მუხლის შესაბამისად სიგარეტზე აქციზურმა გადასახადმა საქართველოში უნდა შეადგინოს საშუალო შეწონილი საცალო ფასის არანაკლებ 60 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 90 ევროთი ათას ღერ სიგარეტზე.

ელენე ციგრიაშვილი

Share