Home » საზოგადოება » თამარ გაბუნია – წამალზე ფასის მატება ძალიან საყურადღებოა

თამარ გაბუნია – წამალზე ფასის მატება ძალიან საყურადღებოა

ფასების ნამატი ჩვენთვის ყველაზე თვალსაჩინო იყო ფარმაცევტულ პროდუქციაზე, რაც თავისთავად პრობლემურია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სექტორში ფასების 21.3 პროცენტით გაიზარდასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ფასების მატების გამო საჭირო გახდა ჯანდაცვის პროგრამებში გარკვეული კორექტივების შეტანაც, რათა მოსახლეობას ხელმისაწვდომობის პრობლემა არ შექმნოდა.

„ფასების ნამატი ჩვენთვის ყველაზე თვალსაჩინო იყო ფარმაცევტულ პროდუქციაზე, რაც თავისთავად პრობლემურია.  ჩვენ მოგვიხდა ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამაშიც ფასების მომატება, რათა ხელმისაწვდომობის პრობლემა არ შექმნილიყო.

რაც შეეხება აპარატურასა და პირადი დაცვის საშუალებებზე ფასების მატებას, ამ პრობლემაზეც მიდის მუშაობა. კოვიდის პროგრამის ფარგლებში, ანაზღაურება ხდება ფაქტიური ხარჯით, შესაბამისად, პროგრამა ანაზღაურებს იმ ნამატით, რაც ზოგადად ბაზარზე შეინიშნება. სხვა დანარჩენ შემთხვევებში ტარიფიკაცია არის ის პროცესი, რომელზედაც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

მუდმივი პროცესია ფასების მატება და ამის პასუხად, პროგრამებში გარკვეული ცვლილებები. ამდენად, ამაზე მიდის მუშაობა, არ უნდა დავუშვათ, რომ ამან ხელმისაწვდომობა გააუარესოს.  წამალზე ფასის მატება არის ძალიან საყურადღებო ნიშანი, რაც ზოგადად, საკანონმდებლო სივრცეში უნდა გადავიტანოთ. მხოლოდ ჩვენს დონეზე ეს ვერ მოგვარდება“,  – განაცხადა გაბუნიამ.

Share