Home » საზოგადოება » თამარ არჩუაძე: Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაბრუნება საქართველოში ადგილობრივი კადრების დასაქმებას შეუწყობს ხელს

თამარ არჩუაძე: Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაბრუნება საქართველოში ადგილობრივი კადრების დასაქმებას შეუწყობს ხელს

Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაბრუნება საქართველოში ადგილობრივი კადრების დასაქმებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზის არსებობა დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის და ეკონომიკის, როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ინვესტირებას და სტიმულირებას უწყობს ხელს.

„პანდემიის გამო ავიაკომპანიას მოუხდა ბორტების გადაყვანა მთავარ ბაზაზე ბუდაპეშტში, მაგრამ ახლა უკვე, ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოში ბაზის დაბრუნების შესაძლებლობა გაჩნდა. რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს, რომ ბაზაზე არის მიბმული საქართველოს მოქალაქეების დასაქმება ადგილზე. როგორც იცით, ბაზირებულ რეისებზე ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული.

დღეისთვის მათი უმეტესობა დისლოცირებულია საზღვარგარეთ. ისინი შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას და აქედან თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად ქუთაისისთვის და ზოგადად, იმერეთის რეგიონისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით Wizz Air-ის ბაზის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

1-ლი ივლისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 6 მიმართულებით: მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი შეასრულებს.

„შესაძლოა, რიგითი მგზავრი, ბილეთის შეძენისას ვერ გრძნობს განსხვავებას ავიაკომპანიის ბაზირებულ მიმართულებაზე ყიდულობს ბილეთს, თუ არაბაზირებულზე. ბაზირებული ხომალდი რეისს იწყებს და ასრულებს იმ აეროპორტში, სადაც მას ბაზა აქვს. პირობითად, მილანის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაიწყება ქუთაისიდან და დასრულდება ქუთაისში და შემდეგ გაგრძელდება სხვა მიმართულებით, რომელიც კონკრეტულ ბაზირებულ ხომალდზეა მიბმული.

ბაზის არსებობის დროს, ტექნიკურად უფრო მარტივი და მოქნილი ხდება თანამშრომლობა ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის. ავიაკომპანია აეროპორტის სერვისებზე შეღავათებით სარგებლობს, სახელმწიფო კი ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს”, – განმარტავს თამარ არჩუაძე.

Share