Home » ახალი ამბები » თეზი გაბუნიას არტპროექტი „შეყავი თავი გალერეაში“ ვენაში გამოიფინა
თეზი გაბუნიას არტპროექტი „შეყავი თავი გალერეაში“ ვენაში გამოიფინა

თეზი გაბუნიას არტპროექტი „შეყავი თავი გალერეაში“ ვენაში გამოიფინა

ახალგაზრდა ხელოვანის, თეზი გაბუნიას ინტერაქციული არტპროექტი, „შეყავი თავი გალერეაში“ ვენაში, ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე გამოიფინა. ნამუშევარი Popiashvili Gvaberidze Window Project-მა თიბისი ბანკის მხარდაჭერით წარადგინა. პროექტი 28 ქვეყნის თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს შორის, ქართულ პავილიონშია წარმოდგენილი.

არტპროექტი „შეყავი თავი გალერეაში“ დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს დაათვალიეროს  სამი ცნობილი გალერეის ლუვრის (პარიზი), ტეიტ მოდერნის (ლონდონი), გაგოსიანის გალერეის(ნიუ იორკი) მინი მოდელები, პირდაპირი მნიშვნელობით  თავი  შეყოს  საგამოფენო სივრცეში, გადაიღოს ფოტო რუბენსის, ჰერსტის,  ლიხტენშტეინის და სხვა ცნობილი მხატვრების  ნამუშევრებთან ერთად და თავადაც გახდეს საგამოფენო ექსპონატი. მოგვიანებით, „შეყავი თავი გალერეაში“ სოციალურ ქსელში გადაინაცვლებს, დამთვალიერებლების ფოტოები  არტპროექტის Facebook-ის  ოფიციალურ გვერდზე   განთავსდება და მათი ნახვა სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

თეზი გაბუნიამ ინტერაქციული არტპროექტი  2015 წლის ივლისში შექმნა და ის თავდაპირველად, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, შემდეგ  განახლებული სახით უკვე თიბისი გალერეაში გამოიფინა. მოგვიანებით, „შეყავი თავი გალერეაში“ ქვეყნის ფარგლებს  გასცდა და ექსპოზიციის ამსახველი ფოტომასალა ონლაინ არტ-გალერეაში “Art People Gallery” (სან ფრანცისკო, აშშ) განთავსდა.

არტპროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიაში. პროექტის შესახებ მასალა სხვადასხვა პრესტიჟულ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემაში მოხვდა, მათ შორის  ამერიკულ  “Insider” -ში,  “Designboom”-ში, გერმანულ  “Berlin ArtParasites”-სა და  ფარნგულ “Beaux Arts magazine” -ში.

ავსტრიის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო გალერეები იღებენ. გამოფენაზე  ათასობით ახალგაზრდა და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი თანამედროვე ხელოვანის ნამუშევრებია წარმოდგენილი.

ვენის  ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა საკუთარი მასშტაბით რეგიონში ყველაზი დიდია  და ის დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნის, მათ შორისავსტრიის, ბელგიის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი ხელოვანების ნამუშევრები დაათვალიეროს.

წელს  ამ ქვეყნების გვერდით  თეზი გაბუნიას არტპროექტი  დამთვალიერებელს თბილისისა და ბათუმის შემდეგ, უკვე ვენაში 25 სექტემბრამდე ელოდება.

Share