Home » მსოფლიო » Tesla თურქეთში ოფიციალურად შევიდა

Tesla თურქეთში ოფიციალურად შევიდა

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla ოფიციალურად კიდევ ერთ ქვეყანაში შევიდა. ეს არის საქართველოს მეზობელი თურქეთი, სადაც კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა და 3,72 მლნ დოლარის კაპიტალდაბანდება მოხდა.

კომპანიის უახლოეს გეგმაშია სადილერო ცენტრის გახსნა, რათა გაყიდოს ამ დროისთვის ხელმისაწვდომი ოთხივე მოდელი (Model 3, Y, S და X) და ამავდროულად გამართოს დამტენი ქსელური სადგური Supercharger, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მეზობელ ბულგარეთს, სერბეთს და რუმინეთს. აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველო, როგორც თურქეთის მეზობელი ქვეყანა, ნახსენები არ არის.

Tesla-ს თურქეთის ბაზარზე შესვლა ჯერ კიდევ 2017 წელს იყო დაგეგმილი, როცა კომპანიის თავკაცმა ილონ მასკმა და ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განიხილეს ქვეყანაში Tesla და SpaceX-ის სამომავლოდ ჩაშვების გეგმები.

5 წლის შემდეგ კი თურქეთში გაიხსნა Tesla-ს წარმომადგენლობა, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ემირ ტუნჩურეკი. ის არის ადგილობრივი კომპანია E-Garaj-ის დამფუძნებელი, რომელიც თავის მხრივ, თურქეთში ელექტრომობილების იმპორტით იყო დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ელექტრომობილების გაყიდვები მნიშვნელოვნად იზრდება. გასულ წელს ქვეყანაში 4 ათასამდე ელექტრომობილი გაიყიდა, მაშინ როცა 2020 წელს 1600, თუმცა შედეგს რთულია ვუწოდოთ მნიშვნელოვანი, იმ ფონზე, როცა თურქეთში გასულ წელს ჯამში 737 350 მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა. სულ კი ამ ქვეყანაში რეგისტრირებულია 7-8 ათასი ელექტრომობილი.

Bpn.ge

Share