Home » ფინანსები » თემურ ჭყონია წვენების ბაზარზე „სანდორასთვის“ პირველობის წართმევას გეგმავს
თემურ ჭყონია წვენების ბაზარზე „სანდორასთვის“ პირველობის წართმევას გეგმავს

თემურ ჭყონია წვენების ბაზარზე „სანდორასთვის“ პირველობის წართმევას გეგმავს

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ნატურალური წვენების ბაზარზე შევიდა. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” ერთი კვირაა ბაზარზე ნატურალური წვენი „კაპი” გამოიტანა. როგორც ბიზნესმენმა განაცხადა, ბაზარზე საწყის ეტაპზე ფორთოხლის წვენი გაიყიდება, თუმცა, სამომავლოდ, დაგეგმილია ასორტიმენტის გაზრდაც.

წვენი „კაპი” 500–გრამიან და 1–ლიტრიან ბოთლებშია ჩამოსხმული. მისი ფასი კი – 1,8–დან 1,85 ლარამდეა.  როგორც ჭყონია აცხადებს, პროდუქტის ხარისხის შესაბამისია. თუმცა, მისივე მტკიცებით, პროდუქცია სხვა სასმელებთან შედარებით იაფია.

„ბაზარზე არსებული ნატურალური სასმელები ძვირია, ეს კი არის ის ფასი, რაც უნდა ღირდეს ნატურალური წვენები”-აცხადებს ჭყონია. მისივე თქმით, კომპანიას ხილის რბილობი იმპორტით სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვს.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ წვენების ბაზარი ძალიან დიდია, თუმცა, მისი პირდაპირი კონკურენტი იმპორტირებული ნატურალური წვენები იქნება. პირველ რიგში კი ბაზრის ლიდერი „სანდორაა”. ჭყონიას პროგნოზით, მის მიერ გამოშვებული ნატურალური წვენი უახლოეს მომავალში იმპორტირებულს ჩაანაცვლებს და ადგილობრივი ბაზრის ლიდერი გახდება.

მისი განმარტებით, ნატურალური წვენების წარმოება ძალიან საინტერესოა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულად აპირებს მუშაობას. ჭყონია ამბობს, რომ ბრენდი „კაპის” წარმოებაში 4.5 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო.

მისივე განმარტებით, „კაპი”  მსოფლიოში ცნობილი ბრენდია და ის “კოკა-კოლას” შემადგენლობაში შედის.

რაც შეეხება წვენების ქართულ ბაზარს, მასზე ადგილობრივი კომპანიების წილი, 2012-2014 წლების კვლევის მიხედვით, საშუალოდ 15-17 %-ია. გაყიდვების ძირითადი წილი უცხოურ ბრენდებზე მოდის. Gamma Research-ის კვლევით, ბოლო 2 წლის განმავლობაში წვენების ქართულ ბაზარზე უკრაინული „სანდორა” 50%-იანი წილით ლიდერობს. ტოპ-სამეულში ასევე შედის „ლებედიანსკი” („ფრუქტოვი სად”) 10% და „კამპა” 10%-ით. კვლევაში მითითებულია, რომ წვენების ბაზარზე წარმოდგენილი რამდენიმე ათეული კომპანიის უმრავლესობა უცხოურია და კვლევის თანახმად, იმპორტირებული წვენების უპირატესობა ადგილობრივი წარმოების წვენებთან შედარებით ნათლად ჩანს.

წვენების ბაზარს კომპანია „ზედაზენიც” უერთდება და უახლოეს თვეებში ნატურალური წვენების წარმოების დაწყებას გეგმავს.

წყარო: commersant.ge

Share