Home » ბიზნესი » თემურ ჭყონია: წარმოება რომც გაჩერდეს, მაინც არ დავთმობ პოზიციას!

თემურ ჭყონია: წარმოება რომც გაჩერდეს, მაინც არ დავთმობ პოზიციას!

ბიზნესმენი თემურ ჭყონია, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ბრძანებას-არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირების შესახებ, რომელიც 2015 წლის 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება, აცხადებს, რომ წარმოების შეჩერების შემთხვევაშიც კი არ დათმობს საკუთარ პოზიციას.

“ხადური იძახის, რომ კაბალური ხელშეკრულება გაფორმებულია წინა ხელისუფლებასთან, რომელიც გვავალდებულებს მარკირების შემოღებას. როგორი ობობის ქსელია, ერთმა შეცდომა დაუშვა, მეორე აგრძელებს და ჩვენ, როგორც მონებმა უნდა შევასრულოთ?! გამორიცხულია, ჩვენ არ ვეთანხმებით ხელშეკრულებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღრიცხვიანობის წინააღმდეგები ვართ.

სამი წელიწადია, რაც მარკირებას ვეწინააღმდეგებით და სამი წლის განმავლობაში სახელმწიფოს 40 მილიონზე მეტი მოვაგებინეთ. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ საღმა აზროვნებამ კი არ უნდა გაიმარჯვოს, არამედ, მთავარია ბიზნესმენებმა არ მოიგონ. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ, რადგან ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა, ეს არის მიდგომა, რომელიც არის ცუდი, ჩვენ საერთოდ არაფერ შუაში ვართ.

ჩვენ არ დავთმობთ პოზიციას…ჯარს თუ ჩაგვიყენებენ, არ ვიცი…მაგრამ მე არ დავთმობ. სხვა კომპანიები უკან თუ დაიხევენ, არ ვიცი…მე არ ვაპირებ დათმობას, რომც გაჩერდეს წარმოება…”-აღნიშნავს თემურ ჭყონია.

Share