Home » საზოგადოება » თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მოხალისეები – წლის ადამიანები
თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მოხალისეები – წლის ადამიანები

თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მოხალისეები – წლის ადამიანები

გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ გამოკითხვის შედეგებს, რომელიც 1999 წლიდან ტარდება და წლის ადამიანს გამოავლენს.

წელს გაზეთის ჟურნალისტთა, მენეჯმენტისა და რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგად, წლის ადამიანად 2015 წლის ზაფხულში, თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები დასახელდნენ. გამოკითხვის მონაწილეთა აზრით, თითოეული მათგანი უდაოდ იმსახურებს წლის ადამიანად დასახელების პატივს.

აღნიშნული გამოკითხვის ყველა მონაწილე ასახელებს მისი აზრით წლის სამ საუკეთესო პიროვნებას, შესაბამისი ქულების შეჯამების შემდეგ დგინდება გაზეთის გამოკითხვის გამარჯვებული და საუკეთესო ოცეული. გამოკითხვის შედეგები ქვეყნდება გაზეთის საახალწლო ნომერში. ,,ბანკები და ფინანსების” გამოკითხვის მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც მონაწილეებს აცნობდნენ, ის იყო, რომ მათ რჩეულს მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონოდა შესრულებული მიმდინარე წელს საქართველოში ან საქართველოსთან მიმართებაში მომხდარ მოვლენებში, ყოფილიყო გამორჩეული საერთაშორისო მასშტაბით წარმართულ პროცესებში.

,,ბანკები და ფინანსების” ოციოლოგიურმა ჯგუფმა შეაჯამა გამოკითხვის შედეგები, რომლის შედეგადაც დასახელდა ,,წლის ადამიანი”, გამოიკვეთა პირველი სამეული და ოცი საუკეთესო.

გთავაზობთ აღნიშნული გამოკითხვის შედეგებს. პიროვნებები სიაში დასახელებულნი არიან გამოკითხვის პროცესში მიღებული ქულების შესაბამისად. თითოეული ჟურნალისტის და თითოეული რესპოდენტის – სულ 150 გამოკითხულის მიერ დასახელებულ სამ ნომინანტს ენიჭებოდა – პირველი ადგილისთვის – 10 ქულა, მეორე ადგილისთვის – 7, ხოლო მესამე ადგილისთვის – 5 ქულა. წელს გამოკითხვის მონაწილეებს ტექნიკური ჯგუფი ამცნობდა, მიეღოთ მხედველობაში, რომ მათ ფავორიტთა შორის, როგორც ერთი სავარაუდო გამარჯვებული, შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ, თბილისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოხალისენი.

გამოკითხულებმა მიიჩნიეს, რომ გასულ წელს ყველაზე ღირსეულად ქართული საზოგადოების საუკეთესო თვისებები წარმოაჩინეს ვერეს ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებმა. თანამოქალაქეებისა და საქვეყნო გასაჭირს ისინი მყისიერად გამოეხმაურნენ, ყოვლად გულწრფელად და უანგაროდ ჩადგნენ დედაქალაქის სამსახურში და თითოეულმა არსებული პრობლემებისა და საფრთხეების მიუხედავად, მაქსიმუმი გააკეთა, რაც შეეძლო. მათმა საქციელმა ცხადყო, რომ ამ ქვეყანას აქვს მომავალი, ჰყავს ღირსეული მოქალაქეები, მათ შეუძლიათ მუხლჩაუხრელი შრომა და მოძმისათვის უშურველად სიკეთის გაღება.

წლის ადამიანთა სამეულში მეორეა მამუკა გორგოძე. რესპოდენტებმა ღირსეულად დააფასეს მისი შემართება, პროფესიონალიზმი, სპორტული ჟინი, პიროვნული ღირსებები და თითქმის ერთხმად დაასახელეს წლის ადამიანთა შორის.

მესამე, გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” ჟურნალისტებისა და რესპოდენტთა აზრით, ირაკლი ღარიბაშვილია – Feci quod potui, faciant meliora potentes! ,,მე რაც შემეძლო გავაკეთე, უკეთ ჩემს შემდეგ მომსვლელებმა გააკეთონ!” – გამორჩეული რომაელივით, ამაყად შეუძლია თქვას. ურთულეს პერიოდში ღირსეულად ზიდა პირველკაცობის ტვირთი. ღირსეული მამულიშვილი, მოქალაქე, კარგი მეოჯახე, ,,ოცნების” დამფუძნებლის ერთგული თანამებრძოლი. რაც ვერ გააკეთა, შეუძლებელიც იყო. რაღაც – რაღაცეები არ აპატიეს… და განა კარგ ქართველობას, პირდაპირობას, პატრიარქისა და რწმენის ერთგულებას, ტრადიციების სიყვარულს და გულწრფელობას საქართველოში ოდესმე პატიობდნენ?!

სხვადასხვა წელს წლის ადამიანებად აღიარებულ იქნენ ედუარდ შევარდნაძე, ნინო ანანიაშვილი, გიორგი კანდელაკი, ილია II (ხუთჯერ), მიხეილ სააკაშვილი (ორჯერ), ზურაბ ჟვანია (2004 წელს) და გიგა ბოკერია (2005 წელს), ბიძინა ივანიშვილი (ორჯერ).
,,ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ გამოკითხვის ფავორიტთა ოცეულს, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელიწადს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს.

 

1. თბილისში სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოხალისეები
თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მოხალისეები – წლის ადამიანები

უდაოდ ყველა მათგანი იმსახურებს წლის ადამიანის წოდებას. სიტყვა ,,გმირს” ყავლი გაუვიდა, მაგრამ არც გმირებად მათი მოხსენიება იქნება გადაჭარბებული. მათი საქმე და პოზიცია ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს მომავალი, რეალური პერსპექტივა და მისი ბედი საიმედო ხელთაა. მიუხედავად იმისა, რომ გვიჭირს, მილიონ რვაასი ათასი მოქალაქე ქვეყნიდან წასულია სარჩო-საბადებლის საძებნელად, ქვეყნის ტერიტორიების 22% ოკუპირებულია, პრობლემა – უთვალავი. მათთან ერთად და მათი სახით, წლის ადამიანები არიან სტიქიასთან ბრძოლაში დაღუპულები და ის ადამიანები, ვინ სტიქიამ დააზარალა, მაგრამ ვერ გატეხა.

 

2. მამუკა გორგოძე

georgia-mamuka-gorgodze (1)

უზადო პროფესიონალი, მიზანსწრაფული, შემართებული და სხვათათვის მაგალითი. შემმართებელი და ძალგულოვანი. მსოფლიო გრანდებთან ღირსეულად მოპაექრე მამაცი ქართველების წინამძღოლი. იმ გრანდებთან, რომელთაც არაფერი აწუხებთ და არაფერი აქვთ სადარდებელი, გარდა სპორტული რეჟიმის დაცვისა. ყველა ქართველი რაგბისტი გმირია, მაგრამ ,,ბ&ფ”-ს გამოკითხულებმა მათი სახით, საუკეთესოთა შორის, მამუკა გორგოძე დაასახელეს.

 

 

3. ირაკლი ღარიბაშვილი

1445169618
Feci quod potui, faciant meliora potentes!
,,მე რაც შემეძლო გავაკეთე, უკეთ ჩემს შემდეგ მომსვლელებმა გააკეთონ!” – გამორჩეული რომაელივით, ამაყად შეუძლია თქვას. ურთულეს პერიოდში ღირსეულად ზიდა პირველკაცობის ტვირთი. ღირსეული მამულიშვილი, მოქალაქე, კარგი მეოჯახე, ,,ოცნების” დამფუძნებლის ერთგული თანამებრძოლი. რაც ვერ გააკეთა, შეუძლებელიც იყო. რაღაც – რაღაცეები არ აპატიეს… და განა კარგ ქართველობას, პირდაპირობას, პატრიარქისა და რწმენის ერთგულებას, ტრადიციების სიყვარულს და გულწრფელობას საქართველოში ოდესმე პატიობდნენ?!

 

4. ბიძინა ივანიშვილი

20121003040549Ivanishvili
ფაქტობრივად პირველი და შარშან საუკეთესო, 2012-ის და 2014-ის წლის ადამიანი, ამჯერად მეოთხეა. ელიტარული კორუფციის ჩიხიდან და ავტორიტარიზმის ჭაობიდან ქვეყნის გამომყვანი, მილიარდიანი ქველმოქმედებით და საქართველოს უსაზღვრო სიყვარულით, კვლავ მოვლენათა ეპიცენტრშია. მის გარეშე, სააკაშვილის რეჟიმის მშვიდობიანად გასტუმრება გაჭირდებოდა. ზოგიერთები საქართველოში ემდურიან (და განა რომელ კეთილისმყოფელს არ ემდუროდნენ და ეპუებოდნენ – აღმაშენებელს, ილიას, თუ ნიკო ნიკოლაძეს). წელსაც მომავალზე იყო პროეცირებული (,,საზოგადოება – 20/30″), ნახევარი მილიარდის ჩადებას წელს ინიცირებულ ადრონული კვლევების ცენტრში აპირებს, ნახევარი მილიარდისას სოლოლაკის მიმდებარე ხრიოკის გაწალკოტებაში. არ ეპუებიან, ხელს უშლიან, აკრიტიკებენ, მაინც ამ ქვეყნის სამსახურში ირჯება და იხარჯება.

5. ილია II

patriarqiii1
იგი ყოველთვის პირველია, ერის აღიარებული სულიერი მამაა, აღიარებული ყველა მართლმადიდებლის და საქართველოს ყველა მოქალაქის მიერ. 38 წელი მიილია აღსაყდრებიდან. როგორც მამა გაბრიელი ბრძანებდა, ფაქტობრივად მარტოს უპყრია სასულიერო და საერო სკიპტრა. ,,მზიან ღამეში” ნათელისკენ მიუძღვის ერსა და ქვეყანას. ყოველთვის იყო და არის ყველაზე თანამედროვე. საპატიო სტუმრები ისევ მას ეკითხებიან და მისგან ისმენენ გლობალური გამოწვევების გადაწყვეტის თაობაზე.

 

6. ირმა ხეცურიანი

farikaobairma
მეორე კურსიდან ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულმა შეძლო ცხოვრების გაგრძელება, თავი წარმატებულთა შორის დაიმკვიდრა, პარასპორტსმენთა შორის მსოფლიო თასის მფლობელიც გახდა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონიც. ბარაქალა ირმას, მხნეობა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და წარმატებები. სულის სიძლიერის, შეუპოვრობის და იმედიანობის ბრწყინვალე მაგალითი… სტუდენტური აუდიტორიიდან ინვალიდის ეტლზე აღმოჩნდა. არ შედრკა. ცხოვრობს, იბრძვის. იმარჯვებს. ბარაქალა!

 

7. ირმა ინაშვილი

irmainashvilii-cr-739x428
პარლამენტში რომ არ მოხვედრილიყო, მის წინააღმდეგ გაერთიანდა ყველა – ,,ნაციონალები”, არასაპარლამენტო ოპოზიცია, მეგობარი სახელმწიფოების საელჩოები, თავდაცვის სამინისტრო, ტროცკისტების საერთაშორისო ინტერნაციონალი, იტალიური ოპერის მოყვარულთა საზოგადოება… აიძულა ,,ოცნების” ხელისუფლება დაეშვათ არჩევნების გაყალბების პრეცედენტი… თუმცა ჰგონია, რომ არჩევნები ,,რესპუბლიკელებმა” გაუყალბეს და არა თამარ ჟვანიამ, ანუ მის უკან მდგომმა და ცესკოს დამკომპლექტებლებმა…

 

8. ქეთი დევდარიანი

1404130851137942
,,ნაციონალების” იდეოლოგიური პლატფორმის წარმატებული მხატვრული ვერსიის ავტორი. ყველაზე რეიტინგული ,,ჩემი ცოლის დაქალების” შემქმნელი. ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ყველა უყურებს – ნაციც და ანტინაციც.

 

 

 

 

9. ავთანდილ ჭრიკიშვილი

8197er_img_1670

მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტი. მისი ფანტასტიკური და საყოველთაოდ საუკეთესოდ აღიარებული იპონი, ჩვენებული შუაკაურის იაპონური ვერსია მისი შესრულებით, გამაოგნებელია. 2015-შიც ბრწყინავდა ,,ამომავალი მზის ქვეყნიდან”, ,,ჩამავალი მზის ქვეყნებამდე”.

 

 

 

 

10. დავით სერგეენკო

1437732922
ყველაზე პოპულარული მინისტრი მთავრობაში. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ჯანდაცვა თითოეული ადამიანის უფლებად იქცა, 10 და 20ათასიანი ოპერაციების დაფინანსებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტით და პირველადი ჯანდაცვის რეფორმით. ივანიშვილის ინიცირებულ, ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით წარმოებულ და სერგეენკოს მიერ განხორციელებულ ამ წარმატებულ საქმეებს მთელი ნაცპროპაგანდა ებრძვის, თუმცა, უშედეგოდ.

 

11. თარხან ბათირაშვილი

tumblr_mxsmbmccYk1t3dl7zo2_1280
,,ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მეთაურიც ჩვენი თანამემამულეა, ერაყი და ლევანტე მისი საგამგებლოცაა და იმ სამხედრო ძალას, რომელსაც თარხან ბათირაშვილიც წარმოადგენს მთელი მსოფლიო ებრძვის… სამწუხაროა, რომ დიდი ქართველების ნიჭი ყოველთვის არ ხმარდება კარგ საქმეს და ქართულ საქმეს.

 

 

12. გიორგი კვირიკაშვილი

kvirikashvili_4
შესანიშნავი პიროვნება, კარგი ეკონომისტი, წარმატებული მენეჯერი, დიდებული მეოჯახე… ცოდონი არიან ,,ნაციონალები”, საგონებელში ჩავარდნილან, რაღაც ხომ უნდა თქვან კვირიკაშვილის პარლამენტში დამტკიცებისას უარყოფითი. ახლა სერიოზული გამოცდა ელის – საარჩევნო წელს მთავრობის, კაბინეტის ხელძღვანელობა, მთავარი სამიზნე, განსაკუთრებით ოპოზიციის ხელმოცარული და პოპულისტური ნაწილის ხომ მთავრობა და პრემიერი იქნებიან. არადა, დღევანდელი საკონსტიტუციო რეალობით ქვეყნის პოლიტიკური ლიდერია. მისი წლევანდელი სპურტი ჭეშმარიტად იმსახურებს ადგილს წლის საუკეთესოთა შორის.

 

13. გია ჯაჯანიძე

timthumb
ყველაზე საინტერესო და რეიტინგული ტელეპროექტის წამყვანი. ბევრს არ მოსწონს მისი მანერები, ზოგსაც ჩაცმის სტილი, ზოგს აკრძალულ თემებზე ღია საუბარი, ზოგი მკრეხელობას ედავება, მაგრამ ყველა უყურებს. კარგი ფსიქოლოგი 2015-ში დიდ აუდიტორიასაც კრებდა. უდაოდ ნიჭიერი ადამიანია

 

 

14. ლევან თედიაშვილი

200903061925
,,ბებერი ხარისა რქანიცა ხვნენო!”. ბეჭდაუდებელი ფალავანი ყველამ მიივიწყა. და განა ასე არ გვჩვევია ჩვენ, ქართველებს?! უსამართლობას არ შეეგუა საგარეჯოში და შერყეული ჯანმრთელობის მოიხედავად სახელმწიფო კანცელარიასთან შიმშილობდა კიდეც. ჩვენდა სავალალოდ, ამით, ბევრი არც არავინ შეწუხებულა

 

 

 

15. ნიკა გვარამია

21665_video
ნიჭიერი, პრინციპული, მებრძოლი. სხვა თემაა, რამდენად კარგი გენერალური პროკურორი იყო, რატომ ითმენდა პოლიტიკური ოპოზიციის რუსების აგენტებად მონათვლას, როგორ უყურებდა 2007 წელს ,,ნაციონალების” აქტივისტების – მწვანე ლაბადიანების მისევას და მათ მიერ მოქალაქეების ხელკეტებით რბევას, ტელეკომპანია ,,იმედის” დარბევას და გაჩერებას… სხვა საკითხია, რომ ,,რუსთავი 2~ მიხეილ სააკაშვილის და ,,ნაციონალების” პროპაგანდისტული მანქანაა და დიპკორპუსი მფარველობს… ფაქტია, რომ ნიკა გვარამიამ შეინარჩუნა ,,რუსთავი 2″, შეუნარჩუნა მიხეილ სააკაშვილს და მის მფარველებს და ამაში დიდი წვლილი შეიტანა. თან ,,რუსთავი 2″ ისევ ეფექტური ტელევიზიაა.

 

16. თეა წულუკიანი

14437776541
პრინციპული, თანმიმდევრული, პოლიტიკური კონიუნქტურისგან დისტანცირებას ცდილობს და ხშირად ახერხებს. დიდი ზეწოლის მიუხედავად, ცდილობს დაწყებული რეფორმები, ესოდენ საჭირო და აუცილებელი ბოლომდე მიიყვანოს.

 

 

17. არჩილ კაიკაციშვილი

kaikacishviliii-cr-739x428
,,ახალგაზრდა ადვოკატების” ლიდერი, მებრძოლი, პრინციპული და კვალიფიციური იურისტია. როგორც ადვოკატმა მიაღწია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ბინას სასამართლომ ღადაღა დაადო. უკანონოდ წართმეულ ბინაში მცხოვრები პაპუაშვილი, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ბინის ჩუქებით მოისყიდა, გადადგომას არ აპირებს. ამ წელს არჩილ კაიკაციშვილმა ის ამხილა და ბევრი რამეც შეძლო.

 

18. ლევან ლორთქიფანიძე

news_49611
ახალგაზრდა პოლიტოლოგი, ნიჭიერი ანალიტიკოსია. მისი მაგალითი ცხადყოფს, რომ ჩვენს არცთუ სახარბიელო ვითარებაში მყოფ უნივერსიტეტებში, კერძოდ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კარგი განათლების მიღება მაინც შესაძლებელია. ახალგაზრდა ინტელექტუალი თავისი მრწამსით და შეხედულებებით მემარცხენეა, თუმცა ის ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ეს ბუნებრივიცაა.

 

19. ტბელ აბუსერიძე

TB
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი მიხვდა, რომ იურისტობა და კაბინეტები მისი საქმე არ იყო. მან დამოუკიდებლად მოიპოვა სრული გრანტი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად, სადაც ასტრონომიის და ასტროფიზიკის შესწავლას აპირებს. არ ვიცით ტბელ აბუსერიძე მისი ნამდვილი სახელი და გვარია თუ ფსევდონიმი, მაგრამ ის ვიცით, რომ იგი უნიჭიერესი ახალგაზრდა კაცია, თავისი დიდი წინაპრის აბუსერიძე – ტბელის მსგავსად, რომელიც ხულოს რაიონის სოფელ თხილვანაში, ტბელ-აბუსერიძეთა საგვარეულო სასაფლაოზე განისვენებს. იქ ძველად მე-12 – მე-13 საუკუნეებში სასულიერო-ფილოსოფიურ და ასტრონომიული ნააზრევი ეტრატებზე გადაჰქონდა. გვჯერა, მისი შთამომავალი და მოსახელე მსოფლიური მასშტაბით ისახელებს თავს და ამჟამინდელი ექსტრავაგანსი გამორჩეულ გზად არ დარჩება ოდენ!

 

20. ნინო გვენეტაძე

gvenetadzeuzenaesi-cr-739x428
ნაცების აქტივისტებით და ფავორიტებით დაკომპლექტებულ სასამართლო ხელისუფლებას, გაბედა და ჩაუდგა სათავეში. ჯერ-ჯერობით ბევრი ვერაფერი დაატყო სიტუაციას, მაგრამ საქმიანობა უხდებოდა კოჰაბიტაციის კონტექსტში და მოსამართლეთა კორპუსზე ზეწოლის დაუშვებლობის პირობებში. კომპეტეტნტური და გონიერი ქალბატონია. მოუწევს გავლა სცილასა და ქარიბდას შორის – ,,ნაციონალების~ დაკომპლექტებული მოსამართლეთა კორპუსი ისე უნდა გადააკომპლექტოს, რომ მათი უფლებები არ დაირღვას. ახლა ამაზე ის არასამთავრობოები ამუნათებენ, რომლებიც პროკურატურასა და სასამართლოებში არსებულ განუკითხაობაზე დუმდნენ. მისი ადგილი წლის ადამიანთა ოცეულში უდაოდ დამსახურებულია.

Share