Home » ფინანსები » თბილისში, პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა
თბილისში, პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა

თბილისში, პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა

პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ქალაქში სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება.

„რამდენიმე ხნის წინ, ჩვენი თხოვნით, საქართველოს პარლამენტმა განიხილა ინიციატივა პარკირების წესების დარღვევაზე სამართალდარღვევის ჯარიმის ზრდასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს. ჩვენ პარლამენტს დასამუშავებლად კანონპროექტი წარვუდგინეთ. მივმართეთ, რომ მათი მხრიდან ყოფილიყო მხარდაჭერა და ჯარიმის ოდენობა გაგვეზარდა. გუშინ უკვე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტმა და ჯარიმა ორმოცდაათ ლარამდე გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იყო, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, აგრეთვე ის გარემოება, რომ ქალაქში უკვე მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ პარკირების წესებს სიფრთხილით მოეკიდონ, რათა არ დაჯარიმდნენ.

„მინდა დედაქალაქის მოსახლეობას და პირველი რიგში ავტომფლობელებს მივაწოდო ინფორმაცია, ვთხოვო და მოვუწოდო, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება.

ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ჯარიმის ჩაბარების წესი შეიცვალა. აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს სამართალდარღვევის ოქმი, ამის შემდეგ, თუ ფოსტით ვერ მოხდება სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება, იგი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებგვერდზე, რომლის მისამართიც არის tp.ge. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეო ჯარიმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში, დაჯარიმებული პირი შევა ვებგვერდზე და გადაიხდის ჯარიმას, ის მიიღებს 20 პროცენტიან ფასდაკლებას და მას არ მოუწევს სრული ოდენობით ჯარიმის გადახდა.ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ დაჯარიმებული პირებისთვის smsშეტყობინებების მიწოდებას მათზე დაკისრებული ჯარიმების შესახებ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

Share