Home » ბიზნესი » თბილისში დეველოპერები ცენტრალური უბნებიდან გადიან
თბილისში დეველოპერები ცენტრალური უბნებიდან გადიან

თბილისში დეველოპერები ცენტრალური უბნებიდან გადიან

 

სამშენებლო რეგულაციებმა შედეგი უკვე გამოიღო

სპეციალისტები სამშენებლო პროცესის ცენტრალური უბნებიდან გარეუბნებში გადატანაზე ალაპარაკდნენ. ამის მიზეზი მერიის ინიციატივაა, რომელიც K2 კოეფიციენტის შეზღუდვას უკავშირდება. ამას შეიძლება უძრავი ქონების გაძვირებაც მოჰყვეს – თბილისის ცენტრში მშენებლობის შეზღუდული შესაძლებლობის გამო, ხოლო გარეუბნებში თავისუფალ მიწებზე მოთხოვნის გაჩენის გამოისობით.

უძრავი ქონების ექსპერტი შოთა გუჯაბიძე მიიჩნევს, რომ მაღლივი კორპუსების მშენებლობამ შეიძლება პერიფერიებისკენ გადაინაცვლოს, მაგრამ ზომიერების დაცვა იქაც საჭიროა.

“საერთოდ, K1 კოეფიციენტით განისაზღვრება შენობის ფუძის მოცულობა, მისი სიდიდე, ხოლო K2 კოეფიციენტი განსაზღვრავს შენობის საერთო მოცულობას. შესაბამისად, თუ მშენებელს K2 კოეფიციენტის მომატების უფლება ექნება, ის სართულებს დაამატებს და უფრო მაღალ შენობას ააგებს. რაც შეეხება K3 კოეფიციენტს, ის უკვე გამწვანების ფართობს განსაზღვრავს.

ქალაქის ცენტრში K2 კოეფიციენტის შეზღუდვა, ძირითადად,  კორპუსების სიმაღლეზე აისახება. ამ რეგულაციით მივიღებთ იმას, რომ ქალაქის ცენტრი მაღალი შენობებით არ გადაიტვირთება და მისი იერსახე შენარჩუნდება. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ დედაქალაქის არქიტექტურულ მთლიანობაზე, მაღალი კორპუსების სიმრავლე იწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს, იჩრდილება ხედები, ბოლოს და ბოლოს, აღარ გვექნება სიტუაცია, როდესაც ერთი მეზობლის სარეცხი მეორის აივანს ფარავს”, – აცხადებს გუჯაბიძე.

მისი აზრით, დაუშვებელია ისტორიული ქალაქის ცენტრალურ უბნებში მაღალსართულიანი შენობები შენდებოდეს იმ ინტენსივობით, როგორც ჩვენთან შენდება. K2 კოეფიციენტის შეზღუდვა ცენტრალურ უბნებში მხოლოდ ერთი ნაბიჯია. ამ სფეროს სხვა რეგულაციებიც სჭირდება.

“ამ შეზღუდვით არავინ დაზარალდება გარდა კომპანიებისა, რომლებიც მახინჯი პროექტებით ცდილობდნენ მოგების მიღებას და 17-20-სართულიან შენობებს აგებდნენ ქალაქის ცენტრში.  სამაგიეროდ, იხეირებს დედაქალაქი და მისი მოსახლეობა”, – აღნიშნავს შოთა გუჯაბიძე.

მისი ვარაუდით, მაღლივი კორპუსების მშენებლობამ შეიძლება პერიფერიებისკენ გადაინაცვლოს, მაგრამ ზომიერების დაცვა იქაც საჭიროა. ამავე დროს, K2 კოეფიციენტის შეზღუდვის გამო ქალაქის ცენტრში ფასები უფრო მოიმატებს, რადგან აქ მიწის ფართობი უფრო დეფიციტური და მოთხოვნადი გახდება.

სხვათა შორის, ექსპერტის აზრს ეთანხმებიან მშენებლებიც. ისინი ადასტურებენ, რომ დეველოპერთა უმეტესობას არჩევანის გაკეთება გარეუბნების სასარგებლოდ მოუწევს. როგორც “მენაშენეთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი განმარტავს, ეს იქნება წინაპირობა, რომ გარეუბანი უფრო მეტად განვითარდეს და იქ ცხოვრება პრესტიჟული გახდეს.

“სამშენებლო სფეროში ახალი რეგულაციის შემოღება ძალიან კარგია და აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. თუმცა შეზღუდვა ცალსახად მაღალსართულიანი სახლების მშენებლობას არ უკავშირდება. კანონი კრძალავს ნებართვას მხოლოდ სართულის დაშენებაზე, ანუ მშენებელს არ შეეძლება მოითხოვოს იმაზე მეტი, რაც პროექტით არის გათვალისწინებული.

K2 კოეფიციენტი ყოველთვის კორუფციისა და გარიგების გზა იყო. კარგია, რომ ერთხელ და საბოლოოდ აიკრძალება.  ვიღაცას მაღალი კოეფიციენტით თუ მოუნდება მშენებლობა, სხვა უბნებში ააშენოს და განავითაროს. მე, როგორც სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, პერიფერიებზე ვფიქრობ გასვლას, რადგან მოთხოვნა არის უფრო მეტი. ვარკეთილსა და ვაკეში მშენებლობის ხარჯი აბსოლუტურად ერთნაირია, მაგრამ რადგან ვაკეში მიწა ძვირი ღირს, ბინაც, შესაბამისად, მეტად ფასობს”, – აცხადებს როსტომაშვილი.

მისი ვარაუდით, შეიძლება, მოთხოვნა მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზეც გაჩნდეს. ამასთან, აითვისონ ყველა ის უბანი, სადაც კომუნისტურ პერიოდში მიტოვებული წარმოებებია და იქ მშენებლობის ბუმი გაჩნდეს.

გვანცა კვინტრაძე

 

Share