Home » საზოგადოება » თბილისში ახალი მეტროსადგურის გახსნა ზაფხულში იგეგმება
თბილისში ახალი მეტროსადგურის გახსნა ზაფხულში იგეგმება

თბილისში ახალი მეტროსადგურის გახსნა ზაფხულში იგეგმება

თბილისში ახალი 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის მაისში დაიწყო. პროექტის ღირებულება 83,000,670 ლარია და იგი არსებული, დაკონსერვებული გვირაბების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ახალი მეტროსადგურის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გალაქტიონ ბუაძემ, სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „COBRA ASSIGNIA“-ს (კობრა ასიგნია) წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 20 წელი დაკონსერვებული იყო. დაკონსერვებული გვირაბების სრული რეაბილიტაციის შედეგად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი უსაფრთხო სადგური შენდება.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც ყოველდღიურად, საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით. მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ამუშავება, დღეში 15 000 -ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.

პროექტის ფარგლებში აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 2,6 კმ. მიმდინარეობს სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები, კეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე, ჯამში 4 ამოსასვლელი. მზადდება სალიანდაგო ხაზები, ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, სიგნალიზაციის მართვის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და სათადარიგო ამოსასვლელები. მშენებლობაზე 220 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების დასრულება 2017 წლის ზაფხულში იგეგმება.

დედაქალაქში ახალი სადგურის მშენებლობა ურბანული ტრანსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

წყარო: businesscontract.ge

Share