Home » საზოგადოება » თბილისის მერია 2017 წელს ახალი სამარშრუტო სქემის დანერგვას გეგმავს
თბილისის მერია 2017 წელს ახალი სამარშრუტო სქემის დანერგვას გეგმავს

თბილისის მერია 2017 წელს ახალი სამარშრუტო სქემის დანერგვას გეგმავს

თბილისის მერია 2017 წელს ახალი სამარშრუტო სქემის დანერგვას გეგმავს. ეს სქემა ნაწილობრივ EBRD-ის გრანტით მზადდება, რომელიც 500 ათას ევროს შეადგენს, 300 ათასს კი თბილისის მერია ხარჯავს. როგორც “ბიზნესკონტაქტს“ დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, საუბარია ახალ ტექნიკურ მოდელზე, რომელიც სამარშრუტო სისტემის მომზადებას და აღრიცხვიანობის ახალი სისტემის დანერგვას გულისხმობს.

“სამარშრუტო სქემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, რაც ძალიან მნიშვნლოვანია, რადგან ბევრი მარშუტები დიდი ხანია არ გადახალისებულა და ახალი სამარშრუტო სქემით შეიძლება, ბევრად უფრო ეფექტური გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და ეს აუცილებლად გასაკეთებელია. გადახდის სისტემას რაც შეეხება, დღეს ეს „საქართველოს ბანკის“ ბარათებით ხდება. როგორც მახსოვს, ამ მომსახურებას, რაც „საქართველოს ბანკი“ ავტობუსებს უწევს, ვადა მომავალი წლის ივლისში გასდის“, – განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა, რომ ახალი სისტემა მეტი ჩართულობის საშუალებას უნდა იძლეოდეს, რისთვისაც ახალი ტექნოლოგიები იქნება საჭირო.

მისივე განმარტებით, სატრანსპორტო სქემის მომზადებაში EBRD-ის ჩართულობა მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე ტექნიკურ და საკონსულტაციო მხარდაჭერას.

“ახალი სამარშუტო სქემის მიხედვით, ზოგი მარშრუტი შეიძლება, გადაიგეგმოს, ზოგი – დარჩეს და თავსებადი გახდეს სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან. მაგალითად, მეტროს ხაზი A წერტილს B წერტილთან თუ აკავშირებს, იმავე მარშუტზე ავტობუსი შეიძლება, საჭირო არ იყოს. ამას ახალი სატრანსპორტო სქემა იტყვის, რომელიც სავარაუდოდ, 2017 წელს გვექნება“, – განმარტა ლექვინაძემ.

წყარო: businesscontact

Share