Home » საზოგადოება » ტაქსის მძღოლებს 1-ელი ნოემბრიდან ავტომანქანის ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება ისევ შეეძლებათ
ტაქსის მძღოლებს 1-ელი ნოემბრიდან ავტომანქანის ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება ისევ შეეძლებათ

ტაქსის მძღოლებს 1-ელი ნოემბრიდან ავტომანქანის ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება ისევ შეეძლებათ

1-ელი ნოემბრიდან „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის სალონის ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება ისევ შეეძლებათ.

შეთავაზების შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთვარობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის პირები, ვინც აღნიშნული ვაუჩერებით ისარგებლებენ, ტექნიკურ მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლების ბარათებსაც მიიღებენ.

„ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს 1-ელი ნოემბრიდან ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სალონის ქიმწმენდის ვაუჩერები. ისინი უნდა მივიდნენ შემდეგ მისამართებზე: „ავტოსპა“ – ბერი სალოსის გამზირის #31; „დირსის“ კორპუსების მიმდებარედ „ავტოშხაპი“ – შეშელიძის #68. ამ მისამართებზე შეუძლიათ „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მიბრძანდნენ და ყოველგვარი გადასახადების გარეშე ისარგებლონ ამ სერვისით. ვინც ისარგებლებს ამ ვაუჩერებით, მათ უფასოდ გადაეცემათ ტექნიკურ მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლების ბარათები, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმითვე, ტაქსების რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და ლიცენზირებული ტაქსების რაოდენობა უკვე 13 ათასამდე გაიზარდა.

„ა“ კატეგორიაში მონაწილე ტაქსების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეის მდგომარეობით გაცემული ვაუჩერებისა და ლიცენზიების რაოდენობა 13 ათასს აღწევს. ბოლო კვირასთან შედარებით ეს რიცხვი დაახლოებით 2 ათასამდე გაიზარდა. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაიზრდება. რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, სხვა ეტაპებს ამ რეფორმისა, რა თქმა უნდა, მომდევნო დღეების განმავლობაში გავაჟღერებთ“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძე ასევე განმარტავს ტაქსის მძღოლებიდან კონკრეტულად ვის ჩამოეწერება ჯარიმა.

მისი განცხადებით, 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები, რომელთაც ჰქონდათ ტაქსის ნებართვა, მაგრამ ავტომანქანა არ იყო თეთრი ან ვისაც 30 სექტემბერს გაუვიდა ნებართვის მოქმედების ვადა, ჯარიმისგან გათავისუფლდებიან.

„მინდა შევეხო ტაქსებზე გამოწერილ ჯარიმებს, რომელიც 1-ელ ოქტომბერს დაფიქსირდა. პარლამენტი ამნისტიის კანონს იხილავს, ამ დღეებში განიხილავენ პირველი მოსმენით და მეც მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ. გამოიცემა ერთჯერადი ამნისტიის ბრძანება და ეს ჯარიმები იქნება ჩამოწერილი.

მოგახსენებთ, თუ ვინ თავისუფლდება ჯარიმებისგან: პირები, რომელთაც 1-ელ ოქტომბერს საპატრულო პოლიციამ გამოუწერა ჯარიმა ფერის სტანდარტის დარღვევის გამო. ესენი არიან ის პირები, რომელთაც ჰქონდათ ტაქსის ნებართვა, მაგრამ ავტომანქანა არ იყო თეთრი; ასევე პირები, რომელთაც 30 სექტემბერს გაუვიდათ ნებართვის მოქმედების ვადა და 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმდნენ ნებართვის არქონის გამო. მხოლოდ ეს ორი კატეგორია გათავისუფლდება ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან“, – განაცხადა კალაძემ.

Share