Home » ეკონომიკა » TANAP-ის პროექტის რუსეთ-თურქეთის გაზსადენით ჩანაცვლება საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება
TANAP-ის პროექტის რუსეთ-თურქეთის გაზსადენით ჩანაცვლება საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება

TANAP-ის პროექტის რუსეთ-თურქეთის გაზსადენით ჩანაცვლება საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება

 საქართველოს არამხოლოდ ირანული გაზის მოხმარების, არამედ მისი ტრანზიტორის ფუნქციაც შეიძლება დაემატოს

ერთ-ერთი ქართული კომპანია, ქვეყანაში ირანული გაზის შემოტანას აპირებს, რომლის საცდელი მოცულობაც 40 მილიონი კუბური მეტრი იქნება. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განხილვის საგნად იქცა, თუ როგორია საქართველოში ირანული გაზის შემოტანის პერსპექტივა, რა როლი შეუძლია ითამაშოს კომერციულმა სექტორმა ამ კუთხით, რა შესაძლო საფრთხეებს შეიცავს რეგიონისთვის თურქეთ-რუსეთის შესაძლო გარიგება ე.წ. რუსულ-თურქული ნაკადის პროექტის სისრულეში მოყვანით და ა.შ. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ზურაბ გარაყანიძემ ისაუბრა.

– ფაქტია, რომ მეზობელ ქვეყნებში პოლიტიკური ვითარება დაძაბულია. იგივე ირანის კონკურეტ სახელმწიფოებში, როგორიც არის თურქეთი და რუსეთი. როგორც ცნობილია, გარკვეულწილად, ირანს თურქეთთან რთული ურთიერთობები აქვს. ვითარება სტაბილური აღარ არის სომხეთშიც, სადაც პერსპექტივაში უნდა გაიაროს ირანულმა გაზმა. ასეთ ვითარებაში, როგორ შეაფასებთ კერძო კომპანიის მიერ შესაძლებელ კონტრაქტის გაფორმებას ირანთან?

– კერძო კომპანიის მიერ, საქართველოში ირანული გაზის იმპორტი დადებითად მოვლენად მიმაჩნია. იმიტომ, რომ ენერგოუსაფრთხოების ერთ–ერთი აუცილებელი მოთხოვნა ორი ან მეტი გაზმომარაგების წყაროდან ქვეყნის ენერგოსისტემის მომარაგება გახლავთ. ამდენად, მხოლოდ აზერბაიჯანული ან მხოლოდ რუსული გაზის იმედად ყოფნას, ჯობს ირანული გაზის შემოტანა დავიწყოთ. არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო იქნება ეს თუ კერძო ენერგო კომპანია. ამასთან, ირანული გაზის შემოტანას აქვს კიდევ ერთი დადებითი მხარე,  რომ ირანს დიდი ხანია უნდა ევროკავშირს მიაწოდს თავისი გაზი. შესაბამისად, საქართველოს არამხოლოდ ირანული გაზის მოხმარების, არამედ მისი ტრანზიტორის ფუნქციაც შეიძლება დაემატოს. შავ ზღვაზე მოხდება შესაბამისი დეგაზაციის და რეგაზაციის ტერმინალების მშენებლობა, რაც დიდი ხანია უნდა აზერბაიჯანულ “სოკარს” “ყულევის” ტერმინალის საშუალებით. ჯერ კიდევ 2010–11 წლებში, “სოკარმა” “ყულევის” ტერმინალში განახორციელა ხობისწყლის შესართავის ფსკერის გაღრმავების სამუშაოები, იმისათვის რომ 16–20 მეტრის თხევადი გაზის ტანკერებმა მოახერხონ ამ ნავმისადგომზე მისვლა. ამდენად, აღნიშნული სამუშაოები, ფაქტობრივად, უკვე დაწყებულია. საჭიროა მხოლოდ “სოკართან” ირანელების და ქართული მხარის შეხვედრა, მოლაპარაკებების დაწყება, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ არამხოლოდ მომხმარებლის, არამედ ტრანზიტორის ფუნქციას შეუქმნის საქართველოს.

– როგორც წესი,  სახელმწიფო ბევრად მომგებიან კონტრაქტებს დებს ვიდრე კერძო კომპანია, თუ დიდ გიგანტებზე არ არის საუბარი, რაც საქართველოში სინამდვილეში არ არსებობს. როგორ შეიძლება აიხნას, რომ სახელმწიფოს მოლაპარაკებების გამართვა კერძო სექტორმა დაასწრო?

– ჩვენი კანონმდებლობით, გაზის, ნავთობის ან სხვა საწვავის და ელექტროენერგიის შემოტანა აკრძალული არ არის და ეს სრულიად კანონქვემდებარე მოქმედებაა, რაც პირიქით წახალისებულიც უნდა იყოს შესაბამისი ლიცენზიების მიღების შემთხვევაში. მეორე საკითხია, რომ აღნიშნული სქემა გარკვეულწილად, ეწინააღმდეგება დასავლეთ–აღმოსავლეთში მოქმედ სქემას. კერძოდ, არსებულ საინფორმაციო წყაროებში ნათლად ჩანს, რომ 9 აგვისტოს პეტერბურგში მოსალოდნელია პუტინის და ერდოღანის შეხვედრა, სადაც ერთ–ერთ საკითხად განხილული იქნება ე.წ. თურქული ნაკადის გაზსადენის პროექტის აღდგენის იდეა. პირველ აგვისტოს, თურქეთის ეკონომიკის მინისტრი რუსეთის ენერგეტიკის მინისტრს უკვე შეხვდა. შედგა მუშა ჯგუფი, რომელმაც გარკვეული წინადადებები უნდა მოამზადოს. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება თურქული ნაკადი ორად გაიყოს. ერთი მილით გაზი შევიდეს რუსეთის “ანაპის რასისკი” გაზსატუმბი სადგურიდან თურქეთის ევროპულ ნაწილში, შემდეგ საბერძნეთის მიმართულებით და მეორე მილით გაზი შევიდეს ვარნასთან ახლოს ბულგარეთში და ბულგარეთიდან მიეწოდს საბერძნეთს. ეს ძალიან საინტერესო, მაგრამ საქართველოსთვის ამავე დროს, სახიფათო პროექტია. რამდენადაც, აღნიშნული სქემა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამხრეთის გაზის დერეფნის იმ პროექტს, რომელიც საქართველოზეც გადის და სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის  სახით არის წარმოდგენილი.

– საინტერესოა იმ შემთხვევაში თუ ასეთი სცენარით განვითარდება მოვლენები, რა შედეგები შეიძლება დადგეს საქართველოსთვის?

– დღეს უკვე თურქეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს TANAP-ის მშნებლობა. ამ გაზსადენის მესამედი უკვე აშენებულია, რომელიც ფაქტიურად, სამხრეთ-კავკასიური არის. ეს არის, როგორც მოგახსენეთ,  ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის გაგრძელება და საქართველოს ძალიან დიდი იმედები აქვს ამ გაზსადენზე დამყარებული, რამდენადაც მასში გატარებული გაზი 3-ჯერ მეტი იქნება და შესაბამისად, 3-ჯერ მეტი საფასურის ნატურალური გაზი დაგვრჩება ჩვენ, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ძალიან დიდ მოგებას მისცემს. ხაზგასასმელია, რომ თუ რუსულ-თურქული ნაკადის მშენებლობის აღდგენით TANAP-ის მშენებლობა შეფერხდა, ეს ძალიან ცუდი იქნება საქართველოსთვის.

– პუტინი-ერდოღანის შეხვედრა რამდენად შეცვლის ამჟამად არსებულ წონასწორობას და როგორ შეიძლება შეეხოს ახალი გამოწვევები საქართველოს გეოპოლიტიკურ იმიჯს, რომელიც დიდწილად არის მიბმული ენერგო დერეფნებზე?

– წონასწორებას რასაკვირველია, რუსეთის სასარგებლოდ შეცვლის, იმიტომ, რომ რუსეთს უკვე უჩნდება სერიოზული ბერკეტი ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის რეალურად განხორციელებისთვის. მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ-ევროპის ქვეყნები ჩეხეთი, პოლონეთი, ესტონეთი სერიოზულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ გაზსადენის მშენებლობას. მაგრამ, თუ აღმოჩნდა, რომ რუსეთი თურქეთს გამოიყენებს იმისათვის, რომ თურქული ნაკადის საშუალებით მოამარაგოს ევროპის სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი. ეს ქვეყნები, უკვე  ვეღარ აღუდგებიან გერმანიის და საფრანგეთის წინააღმდეგობას. გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა ისიც, რომ კასპიის პირეთის რესურსებისადმი ყურადღება დაკარგა შეერთებული შტატების დიდმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა. საქმე ის არის, რომ შეერთებული შტატებიდან დაწყებულია გათხევადებული ფიქალის გაზის სერიოზული  რაოდენობით იმპორტი ევროპაში. ევროპაში უკვე შექმნილია დეგაზაცია-რეგაზაციის ტერმინალები. უკვე შექმნილია ტერმინალები, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით იღებენ შეერთებული შტატებიდან გათხევადებულ ფიქალის გაზს, რაც კაასპის პირეთის რესურსებისადმი გარკვეულწილად ამერიკულ კომპანიებს სერიოზულ ინტერესებს უკარგავს და მხოლოდ BP-ის ამარა დარჩენილი “შაჰ-დენიზი2”-ის პროექტი და სხვა პროექტები, როგორიც არის მაგალითად, “აფშერონი”.

 

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share