მიწა, რომელიც წყნეთის გზატკეცილზე, დაბა წყნეთის ზონა ა-ში მდებარეობს (ნაკვეთი 110/002) , ყოფილი სამთავრობო აგარაკების ტერიტორიაზეა. ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილია წყნეთის აგარაკების – ე.წ. „კაკლების უბანი“. სომხიშვილის მეზობლები იქნებიან ჩვენი ქვეყნის ყველა დროის მაღალჩინოსნები და გავლენიანი პირები. მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ნინო ანანიაშვილი, გიორგი რამიშვილი (ზარალა), გიგი უგულავა და ა.შ. სია საკმაოდ შთამბეჭდავი და გრძელია.
როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, წყნეთის სამთავრობო აგარაკების გამოყენებაზე უარი თქვა და მოგვიანებით ის აუქციონზე გამოიტანა და 21 560 000 დოლარად ყიდდა – ჯამში 17 აგარაკს.
ამ დროისთვის გაყიდულია ერთი და ის სწორედ ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილს ეკუთვნის. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის განკარგულებით, დაბა წყნეთში მდებარე 8 226 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული რამდენიმე შენობა-ნაგებობა პირდაპირი მიყიდვის ფორმით 4 288 320 ლარად, საკუთრებაში გადაეცა ფიზიკურ პირს თამაზ სომხიშვილს. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ” დაადგინა.
ვინ არის თამაზ სომხიშვილი – იგი 1957 წლის 22 ივნისს დაბადებული ქართველი მილიონერია, რომელიც 50 ყველაზე მდიდარ ქართველს შორის სახელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მისი ქონება ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს. ქართველმა მილიონერმა საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში დატოვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სხვადასხვა ბიზნესი წამოიწყო. მისი ბიზნეს საქმიანობა ძირითადად სოფლის მეურნეობას, ინდუსტრიულ სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას მოიცავს. თამაზ სომხიშვილი კომპანიებს ფლობს რუსეთში, ევროპასა და საქართველოში. ასევე არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეურვეო საბჭოს წევრი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
თამაზ სომხიშვილი ამჟამად საქართველოში მოღვაწეობს და აგრძელებს ბიზნეს საქმიანობას. როგორც ამბობენ, იგი საქართველოს ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
რაც შეეხება სასახლეს – ჩვენთვის უცნობია, რა დაჯდება ამ ძალიან ლამაზი სასახლის მშენებლობა, თუმცა ცნობილია ვადა, რომელ ვადაშიც სამშენებლო კომპანია „ანაგი“ უნდა ჩაეტიოს. მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე მონოლითური რკინა-ბეტონის მზიდი კარკასის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
2020news.ge