Home » ფინანსები » „სვის კაპიტალმა” 10 მილიონი ლარის კორპორატიული ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა
სვის კაპიტალმა 10 მილიონი ლარის კორპორატიული ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

„სვის კაპიტალმა” 10 მილიონი ლარის კორპორატიული ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

სვის კაპიტალმა წარმატებით გამოუშვა 10 მილიონი ლარის ღირებულების არასუბორდინირებული არაუზრუნველყოფილი კორპორატიული ობლიგაციები

სს სვის კაპიტალმა პირველი, 10 მილიონი ლარის ღირებულების კორპორატიული ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დაასრულა. ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთზე 6.25%-ის დამატებით. არასუბორდიირებული არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები გაიყიდა გამოშვების ფასის 100.00% ღირებულებით. სვის კაპიტალის ფასიანი ქაღალდების გამოშვების პროცესს კომპანია „გალტ & თაგარტი” ხელმძღვანელობდა.

სვის კაპიტალი საქართველოში ერთ-ერთი პირველი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც მსოფლიო სარეიტინგო და კვლევითი ორგანიზაციის Fitch Ratings- ის საკრედიტო რეიტინგი მოიპოვა. სვის კაპიტალს 2018 წლის ივლისში საკრედიტო რეიტინგი “B-“/Stable Outlook მიენიჭა. Fitch Ratings-ის ანგარიშში აღინიშნა კომპანიის ინტენსიური ზრდის ტენდენცია 2014 წლიდან დღემდე და ასევე ხაზი გაესვა სვის კაპიტალის მაღალი კაპიტალიზაციის დონეს, როგორც ფინანსური სტაბილურობის გარანტიას და მნიშვნელოვან კომპონენტს კომპანიის მომავალი განვითარებისათვის.

აღნიშნული ტრანზაქცია სვის კაპიტალს საშუალებას აძლევს, მოიზიდოს ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების ალტერნატიული წყაროები და გააძლიეროს საკუთარი პოზიციები საქართველოს ბაზარზე, მოზიდული სახსრების პორტფელის ზრდაში ინვესტირების გზით.

„მოხარულები ვართ, გაცნობოთ სს სვის კაპიტალის კორპორატიული ობლიგაციების პირველი გამოშვების შესახებ. სვის კაპიტალის კორპორატიული ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობა არის პოზიტიური ფაქტი, რომელიც მოკრძალებულ წვლილს შეიტანს საქართველოს ფინანსური ბაზარის განვითარებაში. მადლობა მინდა გადავუხადო სვის კაპიტალის მთელ გუნდს, ტრანზაქციის მენეჯერს – „გალტ & თაგარტს“, და საქართველოს ეროვნულ ბანკს, მათი მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა სვის კაპიტალის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ.

‘ვულოცავ სს სვის კაპიტალს და მოხარული ვარ, რომ კომპანია „გალტ & თაგარტ”-მა მონაწილეობა მიიღო კომპანიის კორპორატიული ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაში. ემისიამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ინვესტორთა წრეში. ვფიქრობ, ეს ტრანზაქცია კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის შესაძლებლობას, მოიზიდოს დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში. ასევე, მსურს მივულოცო „გალტ & თაგარტის“მთელ გუნდს მორიგი წარმატებული პროექტის განხორციელება. “გალტ & თაგარტი” საინვესტიციო საბანკო მომსახურების წამყვანი მიმწოდებელია რეგიონში, რომლის სერვისითაც სარგებლობენ როგორც კერძო და საჯარო კომპანიები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც, – განმარტა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

Share