Home » საზოგადოება » „სუს-ის იმიტომ ჰყავს სახელმწიფოს, რომ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახდენს ლეგიტიმურ კანონიერ მოსმენებს“

„სუს-ის იმიტომ ჰყავს სახელმწიფოს, რომ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახდენს ლეგიტიმურ კანონიერ მოსმენებს“

ქვეყანას მთელი ეს აჟიოტაჟი აზიანებს, რომელიც არჩევნებისთვის არის შექმნილი. რა თქმა უნდა, მთელი ეს ქაოსი და ალიაქოთი საქართველოს დააზიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, აზიანებს თუ არა ქვეყნის იმიჯს სავარაუდოდ სუს-ის არქივიდან გავრცელებული ფარული ჩანაწერები.

ღარიბაშვილის განცხადებით, უნდა დადგინდეს, თუ ვინ ვის უსმენდა და საერთოდ იყო თუ არა მოსმენებისა და მიყურადების ფაქტები.

„ძალიან ბევრ ადამიანს და ქვეყანას აქვს ამის მოსმენის საშუალება, ამიტომ ყველაფერი უნდა გაირკვეს. სუს-ი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გამოიძიებს. მინდა გითხრათ, რომ არჩევნები ძალიან მალე დასრულდება. კარგად გვესმის, რომ ეს მძიმე კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის და მთავრობის წინააღმდეგ, ახლა უკვე დიპლომატების წინააღმდეგ, მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ვიწრო პარტიულ ინტერესს ემსახურება. კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა არ უყვართ, რადგან თუ ქვეყანა გადარდებს, არ უნდა დააზიანო ჩვენი ქვეყნის იმიჯი და ინტერესები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ეს ტყუილ-მართალი არეული იმიტომ არის, რომ ძნელი იყოს სიმართლის გამოტანა.

„მე არ ვამბობ, რომ ოპოზიცია იწერს და ავრცელებს, მაგრამ ოპოზიცია რომ მთელი ამ ფაბრიკაციის და ფალსიფიკაციის უკან დგას, ხომ ფაქტია? რაზეა საუბარი? სააკაშვილი აგვისტოში გამოვიდა და თქვა, რომ ძალიან მძიმე პროვოკაცია იქნება. ალბათ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, თავი ვერ შეიკავა და წინასწარ დააანონსა. არ გინახავთ ეს კადრები? აგვისტოში გამოვიდა და თქვა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მას აქვს გარკვეული მტკიცებულებები და ეს პროვოკაცია მან დააანონსა. მთელი ეს ტყუილ-მართალი აღრეული იმიტომ არის, რომ ძნელი იყოს სიმართლის გამოტანა. მითუმეტეს, ათასობით ფაილის ავთენტურობის შესწავლას დრო სჭირდება. ამ უბადრუკ ოპოზიციას ეს პრიმიტიული გათვლა ჰქონდა. მათ იციან, რომ ყველგან მარცხდებიან და ეს პრიმიტიული, თუმცა ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მძიმე პროვოკაცია მოიგონეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, სუს-ს კანონმდებლობის შესაბამისად, ფარული მოსმენის განხორციელება შეუძლია და ამ ქმედებას საერთაშორისო პრაქტიკა აქვს.

„სუს-ის საიდუმლო სამსახური სახელმწიფოს იმიტომ ჰყავს, რომ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახდენს ლეგიტიმურ კანონიერ მოსმენებს და ეს ყველასთვის ცხადია. მთელი მსოფლიო ასე იმართება. აქედან რა არის კანონიერი და რა არა, ამას ვერ გეტყვით, რადგან ტყუილ-მართალი ერთმანეთში აღრეულია. ამას დახარისხება, შესწავლა და დრო სჭირდება. ვინაიდან იციან, რომ ამას ვერცერთი ექსპერტიზა ორ კვირაში ვერ მოასწრებს, სწორედ ამაზე იყო გათვლილი, რომ წინასაარჩევნოდ ეს გამოეტანათ და საზოგადოებაში შფოთვა შემოეტანათ. ეკლესიასა და მთავრობას შორის არსებობს ძალიან მტკიცე ერთობა და ამას ხედავენ. მინდა ვუთხრა, რომ მთავრობა და ეკლესია ვართ ერთიანი, გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა და ამას პროვოკაცია ვერ დააზიანებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Share