Home » საზოგადოება » სუბარი აშშ-ს საელჩოს: რაც არის შიდა ტერორიზმი ამერიკაში, შიდა ტერორიზმია საქართველოშიც

სუბარი აშშ-ს საელჩოს: რაც არის შიდა ტერორიზმი ამერიკაში, შიდა ტერორიზმია საქართველოშიც

„ნამდვილად არ არის სასიამოვნო განცხადება, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მის შინაარსს თუ ცალკეულ ასპექტებს”, – ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს განცხადება.

„არ არის სასიამოვნო, როდესაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და მისი საელჩო აკეთებს ასეთ განცხადებას, თუმცა, თავს ნებას მივცემ, არ დავეთანხმო ამ განცხადების ასპექტებს – ის, რაც არის შიდა ტერორიზმი შეერთებულ შტატებში, შიდა ტერორიზმია საქართველოშიც. ის, როდესაც აშშ-ში ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს სდებენ ბრალს, რომ იყო წამქეზებელი და ხელშემწყობი კაპიტოლიუმში შეჭრის და ამის შემდეგ მას უყენებენ ბრალს, ამის შემდეგ იწყება თანამდებობიდან წასული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, როდესაც სენატორს, რომელიც სავარაუდოდ, ტელეფონით აქეზებდა შეჭრის მსურველებს, უწყვეტენ იმუნიტეტს, ბუნებრივია, იგივე სტანდარტი უნდა იყოს საქართველოშიც”, – განაცხადა სუბარმა TV იმედის ეთერში, თუმცა, არ უხსენებია, რომ აშშ-ს სენატმა იმპიჩმენტის პროცესში ტრამპის მსჯავრდებას მხარი არც ერთხელ არ დაუჭირა.

„მაგრამ ეს განცხადება უკვე გაკეთებულია, არ არის სასიამოვნო განცხადება და ჩვენ მოგვიწევს ჩვენს მეგობრებთან ბევრი მუშაობა, რომ დავარწმუნოთ ისინი, რამდენად არის სიმართლე ამ შემთხვევაში სახელმწიფოს და სამართლის მხარეს… აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ეს რიტორიკა შეიცვლება ძალიან მალე, რადგან სიმართლე არის ერთი და ეს სიმართლე არის სახელმწიფოს მხარეს, შსს-ს და მმართველი ძალის მხარეს”, – თქვა სოზარ სუბარმა.

 

Share