Home » ფინანსები » სტუდენტები შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ
სტუდენტები შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ

სტუდენტები შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ

 ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა” საქართველოს პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლის თანახმადაც, სტუდენტები საშემოსავლო გადასახადისაგან უნდა გათავისუფლდნენ.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები,  მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) – ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს უნდა გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტის, რუსლან ალექსიძის განცხადებით, ორგანიზაციამ საკანონმდებლო წინადადების შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კანონპროექტის სამიზნე ჯგუფს და მათ სოციალურ მდგომარეობას.

„განსაკუთრებით საგანგაშოა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2017 წლის მდგომარეობით 38 000-ზე მეტი სტატუს შეჩერებული სტუდენტია, რომელთა 50%-ზე მეტს სტატუსი შეჩერებული აქვთ ფინანსური დავალიანების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თოთოეულ მოქალაქეზე, მათ შორის სტუდენტებზე, რომლებსაც განათლების მისაღებად უნდა უქმნიდეს ხელმწისაწვდომ გარემოს, რაც თავისმრივ გულისხმობს დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია არსებითი ფინანსური შეღავათების გავრცელება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საკმაოდ მცირე ანაზღაურებაა, დაქვითული 20% საკმაოდ მაღალია, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუკი სტუდენტის შემოსავალი თვეში 300 ლარია წლიური დაქვითვა შეადგენს 720 ლარს, რაც სწავლის გადასახადის ¼-ზე მეტიცაა. ჩვენ მივმართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა დააწეროს იურიდიულ საქმეთა კომიტეტს განსახილველათ. შესაბამისად, იურიდიული კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული წინადადება უშუალოდ უნდა იქცეს თუ არა კანონპროექტთან და შემდგომ განხილული იქნას საქართველოს პარლამენტში სხდომაზე“, – აცხადებს ალექსიძე.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსის, ბაჩანა ჯინჭარაძის განცხადებით, იმის ფონზე, რომ საქართველოში ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა ტარდება ბიზნეს სუბიექტების მიმართ, ურიგო არ იქნებოდა გარკვეული საგადასახადო შეღავათებით სტუდენტებიც თუ ისარგებლებენ.

„აღნიშნული ინიციატივა საკმაოდ საინტერესოა. აქ საუბარი არ არის ყველა სტუდენტის გათავისუფლებაზე საშემოსავლო გადასახადისგან, საუბარი აქტიური სტატუსის მქონე 25 წლამდე ასაკის იმ სტუდენტების სეგმენტზე, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს. უხეშად რომ ვთქვათ, ეს სტუდენტების ის კატეგორიაა, რომლეთა ხელფასიც 500 ლარზე მეტი არ არის. იმის ფონზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა ტარდება ბიზნეს სუბიექტების მიმართ, ურიგო არ იქნებოდა გარკვეული საგადასახადო შეღავათებით სტუდენტებიც თუ ისარგებლებენ. თანაც ეს გარკვეული სტიმულიც იქნება ბიზნესისთვის, რათა დაასაქმონ სტუდენტები. ფრიდრიხ ებერტის ფონდის ეგიდით ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ საქრთველოში სტუდენტების 53% დაუსაქმებელია. ოფიცილური მონაცემებით, სქართველოში უმუშევრობის დონე 11.8%-ია, ხოლო თუ გადავხედავთ უმუშევრობის მაჩვენებლებს ასაკობრივ ჭრილში დავინახავთ, რომ ჩვენთან უმუშევრობის ყველაზე დიდი პროცენტული წილი ახალგაზრდებშია, იმ ახალგაზრდებში, რომლებიც ატიურ სამუშაო ძალად განიხილებიან. მხოლოდ 15-19 წლამდე ასაკობრივ ჭრილში უმუშევრობის დონე 31.9%-ია, 20-24 წლამდე ასაკობრივ ჭრილში 30%. სწორედ ამ ასაკობრივ ჭრილში უნდა განვიხილოთ დაუსაქმებელი სტუდენტებიც. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ინიციატივის დაკანონების შემთხვევაში, დამსაქმებლებმა ბოროტულად, სათავისოდ არ უნდა გამოიყენონ ეს შეღავათი და ხელოვნურად არ დაუწიონ დასაქმებულ სტუდენტებს ხელფასები, თორემ როგოც იდეა, რა თქმა უნდა, საინტერესო და მისასალმებელია“, – ამბობს ჯინჭარაძე.

აღსანიშნავია, რომ  2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 143 800 სტუდენტია. განათლების სამინისტროს 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა კი 38 104 შეადგენს. აქედან სტუდენტის სტატუსი ფინანსური პრობლემის გამო შეჩერებული აქვს, 50%-ზე მეტს, 22 819 პირს.

მარიამ აბრამიშვილი

Share