Home » საზოგადოება » “სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ადამიანებისთვის პრემიები უმოკლეს ვადაში გაიცემა”
"სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ადამიანებისთვის პრემიები უმოკლეს ვადაში გაიცემა"

“სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ადამიანებისთვის პრემიები უმოკლეს ვადაში გაიცემა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ფინანსთა მინისტრს დაავალა, უმოკლეს დროში მოხდეს იმ ადამიანებისთვის პრემიების გაცემა, რომლებიც სტიქიასთან ბრძოლაში იყვნენ ჩართული.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის აბსულუტურად ბუნებრივი.

“ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ჩვენ შევძელით, რომ პირველ რიგში, ადამიანების სიცოცხლე და ქონება გადაგვერჩინა. რა თქმა უნდა, ტყის ძალიან დიდი მასივი გადავარჩინეთ განადგურებისგან. ეს რისკი ნამდვილად არსებობდა. ვფიქრობ, რომ ღირსეულად დავძლიეთ ეს გამოწვევა. ასეთი გამოწვევის დროს რა თქმა უნდა, შესაბამისი დასკვნების გამოტანაა საჭირო”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბორჯომის ხეობაში საკმაოდ მასშტაბური ხანძარი ბევრი ადამიანის ძალისხმევით ჩაქრა.

“მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს იყო ერთობლივი ძალისხმევა, სახელმწიფო და კერძო უწყებების ძალიან კოორდინირებული მუშაობა. სტიქიის მასშტაბები ახლა ფასდება და საკმაოდ დიდი იყო მასშტაბი.  3 ათასზე მეტი ადამიანი ველზე იყო ჩართული ცეცხლის ჩაქრობაში. ეს იყვნენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ექიმები, ასევე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ჩვენი მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს ტექნიკით”, – განაცხადა პრემიერმა.

 

Share